თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. მოდის სფეროს ორმა ფრანგულმა წამყვანმა კომპანიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელშიც უარს ამბობენ სამუშაოდ ძალიან გამხდარი მოდელების მიღებაზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости "ფრანს პრესზე" დაყრდნობით.
კორპორაციები Kering და LVMH, რომლებიც აერთიანებენ ისეთ მსოფლიო ბრენდებს, როგორიცაა Gucci, Saint Laurent, Vuitton და Dior, გამოვიდნენ ერთობლივი განცხადებით სამუშაოზე იმ მოდელების აყვანის აკრძალვის თაობაზე, რომელთა ტანსაცმლის ზომა XXS-ზე ნაკლებია.
"იმედი გვაქვს, სტიმულს მივცემთ მთელ ინდუსტრიას და ის ჩვენ გამოგვყვება, რათა ნამდვილად შეიცვალოს მუშაობის პირობები მთლიანად დარგში", — განაცხადა კორპორაცია Kering-ის ხელმძღვანელმა ფრანსუა-ენრი პინომ.
საფრანგეთში გაზაფხულის ბოლოს ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმად მოდელმა უნდა წარმოადგინოს ექიმის ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ მათი სხეულის მასის ინდექსი ნორმის ფარგლებშია.