ლიზა შელია
რა ასოციაციას იწვევს თქვენში სამოდელო ბიზნესი თავისი პოდიუმებით, ჭკუიდან შემშლელი სამოსით, კამერების ბლიცებით, აღფრთოვანებული ხალხითა და მაღალი ჰონორარებით?
გვერდიდან ეს ყველაფერი დამატყვევებლად და მომხიბლავად გამოიყურება. მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ, რატომ მიდის პროფესიიდან და რატომ ამბობს უარს სამოდელო ბიზნესის მაცდურ შანსებზე მშვენიერი და წარმატებული მოდელი, რომელსაც სახელგანთქმულ მსახიობ მეგან ფოქსს ადარებენ?
თამთა ქენქაძე 23 წლისაა. ბოლო ორიოდე წელში რამდენიმე პრესტიჟული ტიტული მოიპოვა — Best model of Georgia 2012, Best face – 2013, Miss teenager Georgia 2013, Miss Eurasia, Miss best teenager model — და უამრავ პრობლემასა თუ სტერეოტიპთან შეჯახება მოუხდა.
„ჩვენში მოდელის პროფესიას ისე უყურებენ, როგორც გართობას. ეს უფრო რომელიღაც „სერიოზული“ პროფესიის დანართი ჰგონიათ: ჟურნალისტიკის, მედიცინის, იურისპრუდენციისა“, — ამბობს თამთა.
თამთას მიაჩნია, რომ საქართველოში მოდელობით ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევა შეუძლებელია. ქვეყანაში წლის განმავლობაში ხომ მხოლოდ ორი მსხვილი მოდური მოვლენა ხდება: Tbilisi Fashion Week-ი და Mercedes Benz Fashion Week-ი.
„მოდასთან დაკავშირებული ღონისძიებები საქართველოში ცოტაცაა და ჰონორარებსაც ისეთს არ იხდიან, რომ მთელი წელი მშვიდად ელოდო მომდევნო ფეშენვიქს. ჩვენში მოდელს მუდმივი სამუშაო არ აქვს. გამოჩნდება საქმე — გაიქცევი, მონაწილეობას მიიღებ, მერე კი ზიხარ და ელოდები, კიდევ როდის დაგირეკავებ და მიგიწვევენ სადმე. ამიტომაც ამბობს ბევრი მშვენიერი ფიზიკური მონაცემების მქონე გოგო უარს მოდელის კარიერაზე და სხვა საქმით კავდება“, — ამბობს თამთა.
ქართველ მეგან ფოქსს ახლა სარეკლამო რგოლებშიც იღებენ, ჩვენებესიც მონაწილეობს და ფოტოსესიებშიც, მაგრამ ჟურნალისტიკაში სურს მუშაობა.
ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და პროფესიით მსურს მუშაობა. სამოდელო კარიერა ჩემთვის ჰობია. ამ სფეროში მე ჩემი სიტყვა უკვე ვთქვიო, ამბობს თამთა და იქვე ამატებს, რომ ახლა ის, ყველაფერთან ერთად, უკვე მეუღლე და დედაა.
უცხოეთში ლამაზ გოგონებს თვითრეალიზებისთვის ბევრად მეტი შანსი აქვთ. სიდაბლეც კი არ უშლით ხელს, რომ წარმატებას მიაღწიონ. ლეტიცია კასტა, ქეით მოსი, ალესანდრა ამბროსიო — არცერთი მათგანი არ აკმაყოფილებდა სუპერმოდელის კრიტერიუმებს, მაგრამ მაინც გახდნენ საქვეყნოდ აღიარებული მოდელები. აი საქართველოში კი წესადაა ქცეული მაქსიმალური მოთხოვნები და მინიმალური ჰონორარები.
„საქართველოში მოდელები ისე ვერ ვითარდებიან, როგორც საზღვარგარეთ. ერთ ადგილზე ვდგავართ, სანამ ვინმე არ შეგვამჩნევს და უცხოეთში არ მიგვიწვევს. მე, მაგალითად, სილამაზის სამი კონკურსის გამარჯვებულიც ვარ, უამრავ ჩვენებაში, ფოტოსესიაში და სარეკლამო რგოლებში მაქვს მონაწილეობა მიღებული. კიდევ რა უნდა გავაკეთო ამ სფეროში?“ — კითხულობს თამთა ქენქაძე.
ამბობს, რომ ქართულ სამოდელო ბიზნესში ამერიკული ან ევროპული სტანდარტები რომ იყოს დამკვიდრებული, მაშინ საყვარელ საქმეს ისევ აქტიურად განაგრძობდა.
„ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ევროპული დონისგან — არა ფოტოსესიების ან მოდური ჩვენებების ჩატარების კუთხით, არამედ უფრო იმის გაცნობიერების მხრივ, რომ ეს ძალიან მძიმე პროფესიაა და სულაც არ არის ისეთი იოლი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. რაც მთავარია, მოდელობა საპატიო საქმიანობაა და ბევრი გოგო მხოლოდ ლამაზი კი არა, ჭკვიანიცაა“, — დაასკვნა თამთა ქენქაძემ.