დოლიძე: ევროკავშირის უვიზო რეჟიმს საქართველოსთან საფრთხე არ ემუქრება

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული პასპორტი
ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2020 წლიდან შეიძლება გასამგზავრებლად ავტორიზაციის გავლა სავალდებულო გახდეს საქართველოსა და იმ სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთაც ევროკავშირის ქვეყნებში შესასვლელად ვიზა არ სჭირდებათ.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემ დააიმედა ქვეყნის მოქალაქეები, რომ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლისა და გამოსვლის ახალი წესების დანერგვა მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს არ ემუქრება.

ევროპარლამენტმა ოთხშაბათს კენჭი უყარა შენგენის ზონაში შესვლაზე და გამოსვლაზე ახალი წესების დანერგვას მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის 2020 წლიდან. ახალი წესი ითვალისწინებს ინფორმაციის შეკრებას, რომელიც ადამიანმა ევროპაში წასვლამდე ელექტრონული სახით უნდა წარადგინოს თავისი თავის შესახებ. კერძოდ, სახელი და გვარი, მგზავრობის დოკუმენტი, თითების ანაბეჭდები, სახის გამოსახულება, შესვლისა და გასვლის დრო.

საქართველოს მოქალაქეებს მიმდინარე წლის 28 მარტიდან ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოკლევადიანი სტუმრობა შეუძლიათ.

„ეს არის ავტორიზაციისა და ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირში მოძრაობასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები იყოს მაქსიმალურად დაცული. თუ დაიწყება ამგვარი რამ, და ეს არის წინასწარი მონაცემების შევსება, ეს იქნება 2020 წლიდან, ამას გრძელვადიანი პროცედურა სჭირდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მინდა, რომ შეიქმნას წარმოდგენა საზოგადოებაში, რომ ერთი წუთით შეექმნება საქართველოს პრობლემა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით", — განუცხადა დოლიძემ ჟურნალისტებს.

მიგრანტები - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეობის მიღება გართულდება

ახალი წესები შეეხება როგორც იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი აქვთ, ისე უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეებსაც. ახალი წესები გავრცელდება ადამიანებზე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში მიემგზავრებიან ხანმოკლე ვიზიტით — საერთო ჯამში 90 დღით 180 დღის მანძილზე.

ახალ სისტემაში შეყვანილი მონაცემები სამი წლის განმავლობაში შეინახება. ისინი დაეხმარება ტერორისტული საფრთხეების ან სხვა სერიოზული დანაშაულების პრევენციაში, აღმოჩენასა ან გამოძიებაში. მონაცემებზე წვდომა ექნება ევროპოლსაც, თუმცა ისინი მიუწვდომელი იქნება ეროვნული ორგანოებისთვის, რომლებიც თავშესაფრის მინიჭების საქმიანობით არიან დაკავებული.

ევროპარლამეტში აღნიშნეს, რომ ახალი სისტემა შეცვლის პასპორტებში შტამპების ჩარტყმის პროცედურას და დააჩქარებს ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთის პროცესს, ასევე გააიოლებს შენგენის ზონაში ყოფნის რეჟიმის დამრღვევი პირების გამოვლენას.

რამდენის გადახდა გახდება საჭირო ანკეტის შესავსებად, ჯერჯერობით უცნობია. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, რეგისტრაციის ღირებულება 10 ევრო იქნება.

ახალი სისტემის დანერგვა 480 მილიონი ევრო დაჯდება.

შენგენის ზონაში შესვლა-გამოსვლის ახალი წესები მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკომისიაში ჯერ კიდევ 2016 წლის აპრილში შეიმუშავეს. დოკუმენტის შექმნა სახელწოდებით „ძლიერი და ჭკვიანი საინფორმაციო სისტემები საზღვრებისა და უსაფრთხოებისთვის" ნაკარნახევი იყო მიგრანტების დიდი ნაკადით (სირიის კრიზისთან დაკავშირებით) და ევროპის საზღვრების გადაკვეთისას გახშირებული დარღვევებით.

ყველა ახალი ამბავი
0