თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული მიდგომების გამკაცრების მომხრეა.
„ახალი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა განსაკუთრებით მოთხოვნადი ხდება, საჭიროა, კიდევ უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენა და მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით მიდგომების სრულყოფა და დახვეწა. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 1 სექტემბრიდან, კიდევ უფრო მეტად იხვეწება მიდგომები საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშირებით", — განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროსთან და სუსთან აბაშიშვილი შესაბამის კონსულტაციებს ჩაატარებს.
„პრეზიდენტი თვლის, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოების წევრების ჩართულობა მოქალაქეობის მინიჭების პროცესში", — აღნიშნა აბაშიშვილმა.
ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის 28 მარტს აამოქმედა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.
საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში მგზავრობისას საჭიროა გააჩნდეთ ბიომეტრიული პასპორტი, სასტუმროს ჯავშანი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი.