თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე უადგილოდ მიიჩნევს ეროვნული ვალუტის კურსის დაცემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას და აცხადებს, რომ ეს კურსის რყევის ჩვეულებრივი პროცესია.
ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,5206 ნიშნულზე დაადგინა, რაც 0,0312 ლარით ნაკლებია ბოლო მონაცემზე. ლართან მიმართებით მსგავსი ვითარება გაზაფხულზეც შეიქმნა.
„არავისთვის არის ახალი, რომ ჩვენთან მოქმედებს მცურავი კურსი, ამიტომ ლარი ხან გაუფასურდება, ხან გამყარდება. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეროვნული ბანკი არ აკეთებს კომენტარს კურსის მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით", — განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ კობა გვენეტაძემ.
ოპოზიციამ ხელისუფლება ლარის კურსის დაცემასა და ფასების მომატებაში დაადანაშაულა.
„ეროვნული ბანკი, რა თქმა უნდა, მთავრობასთან ერთად პასუხისმგებელია მონეტარულ პოლიტიკაზე. მაგრამ ჩვენ წლებია ამ ტენდენციას ვხედავთ. აქ მთავარი ის კი არ არის, მოვა თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გააკეთებს თუ არა მორიგ განცხადებას, რომ ჩვენს ეროვნულ ვალუტას მცოცავი კურსი აქვს, ან ამის მიზეზი, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საგარეო პოლიტიკის რაღაც ფაქტორია. ამ ყოველივეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ „ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში ყველაფერი უკან მიდის, მათ შორის, ლარი უფასურდება და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება ძვირდება", — განაცხადა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.
ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებამდე ხელოვნურად ინარჩუნებდა ეროვნული ვალუტის კურსს, მიაჩნია პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ხაბეიშვილს.
„დასრულდა არჩევნები და იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობისთვის დაპირებული საუკეთესო ცხოვრება შექმნან, ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას", რომელიც ხელოვნურად იკავებდა ლარს (კურსს — რედ.), სამწუხაროდ, ამის გაკეთება არ შეუძლია. ეს ყველაფერი მოსახლეობის ჯიბეზე აისახება, რამდენადაც გაიზრდება ტარიფები, რაც მოსალოდნელია კიდეც. ერთადერთი, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ, ისაა, რომ „ქართულ ოცნებას" საერთოდ არ აქვს ეკონომიკური პროგრამები", — განაცხადა ხაბეიშვილმა.
1995 წლის ოქტომბრიდან ლარი საქართველოში გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება გახდა. ეროვნულმა ბანკმა 1995 წლის 25 ოქტომბრისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,3 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 1998 წლიდან ლარის კურსმა ნელ-ნელა დაცემა დაიწყო. წლების განმავლობაში ლარის კურსი 1,6 – 2,2 ნიშნულზე მერყეობდა.
ქართულმა ეროვნულმა ვალუტამ, რომელმაც 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო ვარდნა და, რეკორდული მინიმუმების განახლებით, აშშ დოლარის მიმართ 2,5 ლარის ნიშნულს მიაღწია, 2016 წლის მარტში დაიწყო გამყარება.
ეროვნულმა ვალუტამ ფსიქოლოგიური ნიშნული 2,5 ლარი 2016 წლის 25 ნოემბერს გადალახა. მას შემდეგ, რაც 2016 წლის დეკემბერში აშშ დოლარის მიმართ მორიგი რეკორდი — 2,8 ლარი დაამყარა, ლარის კურსმა დასტაბილურება დაიწყო.