თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. „თბილისის ბაროკო ფესტივალი 2017", ამიერკავკასიაში ერთადერთი მსგავსი ფესტივალია, თბილისში 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე მესამედ გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
ბაროკოს მუსიკა რენესანსის ეპოქის ბოლოს (XIV — XVI საუკუნეები) გაჩნდა და კლასიციზმის ეპოქის წინამორბედი იყო. ბაროკოს ცნობილი წარმომადგენლებია ვივალდი, ბახი, გენდელი. ბაროკოს მუსიკა ევროპული კლასიკური მუსიკის სტილს 1600-1750 წლების პერიოდში წარმოადგენდა.
„თბილისის ბაროკო ფესტივალის" ორგანიზატორებია თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
წელს ფესტივალზე წარდგებიან საქართველოს, რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და სხვა ქვეყნების სახელოვანი მუსიკოსები.
უცხოელი მონაწილეები — „ბერლინის ძველი მუსიკის აკადემია", სერგეი მალოვი (ვიოლინო/ ჩელო და სპალა); ჟან რონდო (კლავესინი, საფრანგეთი), დავიდე ამადიო (ჩელო, იტალია), სერჯიო აზოლინი (ფაგოტი, იტალია), ჯოვანი დე ანჯელი (ჰობოი, იტალია), ცნობილი გერმანელი დირიჟორი კორნელია ფონ ფერსენბროკი, პრიშკა კომპლოი(ჰობოი) და სხვა.
საქართველოს წარმოადგენს თბილისის გუნდი „ბაროკო", ანჩისხატის მგალობელთა გუნდი, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა", ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის კამერული გუნდი და ქართველი სოლისტები — ქათევან ქემოკლიძე (მეცო სოპრანო), სალომე ჯიქია (სოპრანო), ანა ცარციძე (სოპრანო).
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია 7 კონცერტი — 7, 11, 16, 20, 24 ნოემბერს, 1 და 7 დეკემბერს. კონცერტები ჩატარდება შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიდო დრამატული თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ონლაინ.