საქართველოს პარლამენტის წევრ კობა ნაყოფიას კიევში შესვლა აეკრძალა

© photo: Sputnik / STRINGER / გადასვლა მედიაბანკში"ბორისპოლის" აეროპორტი
ბორისპოლის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის" წევრი აღნიშნულ ფაქტს მიხეილ სააკაშვილს და პოლიტიკას უკავშირებს

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პარლამენტის წევრს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელ კობა ნაყოფიას სამი წლის ვადით ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 გამოცემა უკრაინსკაია პრავდაზე" დაყრდნობით.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კიევში, ბორისპორის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს და ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ ფაქტს საკუთარ  Facebook-გვერდზე გამოეხმაურა. სააკაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკრაინაში შავ სიაში ჯერ კიდევ ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს შეიყვანეს. 
უკრაინის უშიშროების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მიიღეს.
ნაყოფიას ადვოკატებმა  სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართეს და სასამართლო დავების დასრულებამდე, გადაწყვეტილების შეჩერება  მოითხოვეს. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და ბიზნესმენი კობა ნაყოფია ამ ფაქტს მიხეილ სააკაშვილს და პოლიტიკას უკავშირებს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
უკრაინამ საქართველოს 10 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

„მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენს საელჩოს უკრაინაში, რომ უფრო ქმედითი ზომები მიიღონ,“ — აცხადებს კობა ნაყოფია.

მანამდე უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა ექვს ქართველს ქვეყანაში დროებითი ბინადრობის ნებართვა გაუუქმა,  ხოლო საქართველოს 10 მოქალაქეს კი უკრაინაში შესვლა აუკრძალა. აღნიშნული პირები საკონტროლო-გამშვებ პუნქტ "შეგინის" მოვლენებში მონაწილეობდნენ — როდესაც უკრაინის მოქალაქეობაჩამორთმეულმა ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მაშინ ჩამოართვა, როდესაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი აშშ-ში იმყოფებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეს იმით ახსნეს, რომ სააკაშვილმა მოქალაქეობის მიღებისას არასწორი მონაცემები წარადგინა.

კიევში, უმაღლესი რადას წინ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქცია 17 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობენ: ნაციონალისტური კორპუსი", "თავისუფლება", "ახალი ძალების მოძრაობა", "ბატკივშჩინა", "სამოპომიჩი" და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
აქციის წევრები მოითხოვენ დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას.

ყველა ახალი ამბავი
0