შელოცვა განმარტებით ლექსიკონებში ცრურწმენას უკავშირდება. თითქოს, შელოცვის სიტყვები დათრგუნავს, განდევნის ავ სულს და ავადმყოფს გამოაჯანმრთელებს. შელოცვა „გულისხმობს შერითმულ სიტყვებს, რომელთა ძალაც ავადმყოფს გამოათავისუფლებს ავი სულებისგან“. შელოცვაში სამი რამ არის დომინანტური და გაუთიშველი: სიტყვა, მოქმედება (რიტუალი) და ჩურჩული.
მიღებულია, რომ შელოცვას „ბარბაროსული გაუგებრობა“ უნდა ახლდეს. ყველაზე „გამჭრელ“ ტექსტებადაც სწორედ აბრაკადაბრული, ანუ ბუნდოვანი შინაარსის მქონე მიიჩნეოდა. გამოყოფენ კოსმოგონიურ, სამკურნალო და სამეურნეო შელოცვებს. შელოცვები წარმოადგენენ რაღაც ეკლესიური ცოდნის, ქრისტიანული სიმბოლიკის გადაგვარება-დამახინჯების პროდუქტს. მინიშნებითაც კი ადვილი საგრძნობია, რომ ქრისტიანული ცოდნა რაღაც ეტაპზე გახალხურდა, მასში შეიჭრა არაკანონიკური ელემენტები, დამახინჯდა და ასეთი ფორმით განეფინა შელოცვებში. ამდენად, შელოცვები არ არის წარმართული ტექსტები და, ძირითადად, ქრისტიანობის გახალხურების, პაგანიზაციის პროდუქტია. ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი ლოცვასა და შელოცვას შორის არის რიტუალი, რომლის გარეშე ის თითქოს ძალას კარგავს. შელოცვები — ეს იგივე მაგიური პოეზიაა და მაგიური ტექსტებით ლოცვა მორწმუნე ქრისტიანისთვის მკრეხელობაც კია: „ვაჲ არს მათა, რომელნი შელოცვითა კურნებასა ეძიებენ… ღმერთი არს მკურნალი ჩვენი“ — გვაწავლიან ეკლესიის წმინდა მამები. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზეპირსიტყვიერების ეს ჟანრი ძალზე აქტუალური იყო ქართულ სოფლებში, შემლოცველიც განსაკუთრებული მადლმოსილების ადამიანი უნდა ყოფილიყო. დღეს კი ქართული ფოკლორის ეს იშვიათი მარგალიტი გაქრობის პირასაა.
გთავაზობთ ბებიის სკივრიდან ამოღებულ სამკურნალო შელოცვებს — დღეს შეშინებულისას შემოგთავაზებთ.
სახელითა ხვთითა, მამითა, სულითა წმინდითა (3-ჯერ)
გულო შინა-შინა,
გულო, რამ შეგაშინა,
ძაღლმა შეგაშინა,
კაცმა შეგაშინა,
ქალმა შეგაშინა,
ბოვშვმა შეგაშინა
თუ ვინ შეგაშინა?!
მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!
მაინც ნუ შეშინებულხარ, ფერო!
მაინც ნუ შეშინებულხარ, ძვალო!
მაინც ნუ შეშინებულხარ, რბილო!
(თქვი მისი სახელი, ვისაც ულოცავ…)
გული გულთან იყოს,
ფერი ფერთან იყოს,
ძვალი ძვალთან იყოს,
რბილი რბილთან იყოს!
ორშაბათს შეშინებულხარ?— მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!
სამშაბათს შეშინებულხარ?— მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!
ოთხშაბათს შეშინებულხარ?— მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!
ხუთშაბათს შეშინებულხარ?— მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!
პარასკევს შეშინებულხარ?— მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!
შაბათს შეშინებულხარ?— მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!
კვირას შეშინებულხარ?— მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!
დილას შეშინებულხარ?— მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!
სადილზე შეშინებულხარ?— მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!
შუადღეზე შეშინებულხარ?— მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!
სამქრობაზე შეშინებულხარ?— მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!
ვახშმობაზე შეშინებულხარ?— მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!
შუაღამეს შეშინებულხარ?— მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!
გულო, მოდი საგულესა, შეგიკერავ კაბასა და სამგუნესა!
გულო, ადექი — დადექი,
შენ საბუდეში ჩადექი,
გარეთ ტურა-მგელი შეგჭამს (3-ჯერ)
ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი,
შეეწიე მადლი შენი,
მოუხდინე ლოცვა ჩემი,
ბრძანებაა ღვთის და
ლოცვა არის ჩემი! (3-ჯერ).
შელოცვისას შეშინებულს გულზე ხელს ადებდნენ და ჯვრის სახით გადასახავდნენ. ასევე, ცალკე შეულოცავდნენ ნახევარ ჭიქა წყალს, რომელსაც გამოლოცვის დასრულებისას სამ ყლუპად შეასმევდნენ.