შელოცვები ბებიის სკივრიდან - შაკიკისა

CC BY-SA 2.0 / Flickr/Gonzalo Malpartida / Headacheქალი შაკიკის შეტევის დროს
ქალი შაკიკის შეტევის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაგრძელებთ ხალხური ზეპირსიტყვიერების იშვიათი დარგის, გაქრობის პირას მყოფი ქართული ფოლკლორის უნიკალური სახეობის - შელოცვების პუბლიკაციას. რუბრიკას გაუძღვება ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი საბა მეტრეველი.

შელოცვა განმარტებით ლექსიკონებში ცრურწმენას უკავშირდება. თითქოს, შელოცვის სიტყვები დათრგუნავს, განდევნის ავ სულს და ავადმყოფს გამოაჯანმრთელებს. შელოცვა „გულისხმობს შერითმულ სიტყვებს, რომელთა ძალაც ავადმყოფს გამოათავისუფლებს ავი სულებისგან“. შელოცვაში სამი რამ არის დომინანტური და გაუთიშველი: სიტყვა, მოქმედება (რიტუალი) და ჩურჩული.

შელოცვები ბებიის სკივრიდან - Sputnik საქართველო
შელოცვები ბებიის სკივრიდან – გველის ნაკბენისა

მიღებულია, რომ შელოცვას „ბარბაროსული გაუგებრობა“ უნდა ახლდეს. ყველაზე „გამჭრელ“ ტექსტებადაც სწორედ აბრაკადაბრული, ანუ ბუნდოვანი შინაარსის მქონე მიიჩნეოდა. გამოყოფენ კოსმოგონიურ, სამკურნალო და სამეურნეო შელოცვებს. შელოცვები წარმოადგენენ რაღაც ეკლესიური ცოდნის, ქრისტიანული სიმბოლიკის გადაგვარება-დამახინჯების პროდუქტს. მინიშნებითაც კი ადვილი საგრძნობია, რომ ქრისტიანული ცოდნა რაღაც ეტაპზე გახალხურდა, მასში შეიჭრა არაკანონიკური ელემენტები, დამახინჯდა და ასეთი ფორმით განეფინა შელოცვებში. ამდენად, შელოცვები არ არის წარმართული ტექსტები და, ძირითადად, ქრისტიანობის გახალხურების, პაგანიზაციის პროდუქტია. ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი ლოცვასა და შელოცვას შორის არის რიტუალი, რომლის გარეშე ის თითქოს ძალას კარგავს. შელოცვები — ეს იგივე მაგიური პოეზიაა და მაგიური ტექსტებით ლოცვა მორწმუნე ქრისტიანისთვის  მკრეხელობაც კია: „ვაჲ არს მათა, რომელნი შელოცვითა კურნებასა ეძიებენ… ღმერთი არს მკურნალი ჩვენი“ — გვაწავლიან ეკლესიის წმინდა მამები. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზეპირსიტყვიერების ეს ჟანრი ძალზე აქტუალური იყო ქართულ სოფლებში, შემლოცველიც განსაკუთრებული მადლმოსილების ადამიანი უნდა ყოფილიყო. დღეს კი ქართული ფოკლორის ეს იშვიათი მარგალიტი გაქრობის პირასაა. გთავაზობთ ბებიის სკივრიდან ამოღებულ სამკურნალო შელოცვებს — დღეს შაკიკის შელოცვას შემოგთავაზებთ:

სკივრი - Sputnik საქართველო
შელოცვები ბებიის სკივრიდან – გათვალულისა

სახელითა ხვთითა, მამითა, სულითა წმინდითა (3-ჯერ)

შაკიკი შემომეჩვია

სათივისა ბოლოსაო,

ისე ჭამდა რკინასაო,

როგორც ხარი — თივასაო.

დასწყევლა წმინდა გიორგიმ,

გეიპარა დილასაო.

ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი,

შეეწიე მადლი შენი,

მოუხდინე ლოცვა ჩემი,

ბრძანებაა ღვთის და 

ლოცვა არის ჩემი! (3-ჯერ).

შაკიკის გამოლოცვისას ტყემლის ტყლაპსა და ბამბას შუბლიდან თვალისკენ სიგრძეზე დაადებდნენ გამოსალოცს; ზოგიერთი ტრადიციის მიხედვით, შემლოცველს ხელში ნაჯახი ეჭირა და სამჯერ წარმოთქვამდა შელოცვას.

ყველა ახალი ამბავი
0