„მის ირანი" თბილისში: რაც უნდა მოხდეს – გაიღიმეთ!

© Courtesy by Mina Jayმინა ჯეი
მინა ჯეი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინა ჯეი – ირანელი მოდელია, რომელმაც 2015 წელს ინდოეთში ჩატარებულ სილამაზის კონკურსზე „მის ფოტოგენურობის“ ტიტული მოიპოვა. მინა ბევრ სააგენტოსთან თანამშრომლობს, გამოდის ჩვენებებზე და სხვადასხვა ჟურნალებისა და რეკლამებისთვის იღებს ფოტოებს.

თბილისთან მისი „რომანი“ პირველი დანახვისთანავე დაიწყო. დღეს უკვე გახსნილი აქვს Crowns Hotel, რომელიც ამ ქსელის პირველი სასტუმროა საქართველოში. ირანელი მოდელი მომავალში სასტუმრო ბიზნესის გაფართოებას სხვა ქვეყნებშიც აპირებს. ამის გარდა იტალიელმა ოქრომჭედლებმა მინას დიზაინით სამკაულები და აქსესუარები დაამზადეს. განზრახული აქვს, რომ ისინი მალე ქართველებსაც წარმოუდგინოს. მინას თბილისში გავესაუბრეთ.

© Courtesy by Mina Jayმინა ჯეი
მინა ჯეი - Sputnik საქართველო
მინა ჯეი

– მინა, საკუთარ თავზე და ოჯახზე მოგვიყევით…

— ირანში დავიბადე, ქალაქ ისპაჰანში, მაგრამ ახლა დუბაიში ვცხოვრობ. ვსწავლობდი აზადის უნივერსიტეტში მიკრობიოლოგიის ფაკულტეტზე, მაქვს ბაკალავრის ხარისხი. პროფესიის გარდა ძალიან მომწონს დიზაინი და სამოდელო საქმე — ეს ჩემთვის საინტერესო სფეროა, ამიტომ დავიწყე მუშაობა როგორც მოდელმა და ამაში დიდ შრომას ვდებ, ენერგიით ვივსები და დაუსრულებლად შემიძლია ვიმუშაო. დიდი ოჯახი მყავს და როგორც ქალს, დედაზე მაქვს სწორება, ძალიან მინდა მას ვგავდე. ის ძლიერი ქალია, თავისი ბიზნესი აქვს და ცხოვრებაში ბევრს მიაღწია. დღეს სხვა ადამიანებს ეხმარება. მისი სიტყვა ყველგან ფასობს, დედა ჩემთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტია და ჩემი ობიექტური კრიტიკოსი.

– დუბაიშიც სამოდელო ბიზნესში ხართ დაკავებული?

— დუბაიში ყოველთვის დავდიოდი ოჯახთან ერთად, იქ ჩემი ერთ-ერთი ძმა ცხოვრობდა. როცა სწავლა დავამთავრე, მეც დუბაიში გადავედი. ეს დიდი შესაძლებლობების ქალაქია. ამ ქალაქში ბევრი სააგენტოა და მათთან როგორც მოდელი ისე ვთანამშრომლობ – გამოვდივარ ჩვენებებზე, დავდივარ ინტერვიუებზე, სხვადასხვა ჟურნალებისა და რეკლამებისთვის ვიღებ ფოტოებს და ა.შ.

– ვიცი, რომ მოდელობის გარდა სამკაულების დიზაინითაც ხართ დაკავებული…

— დიახ, დუბაიში ჩემი სამკაულების ხაზი მაქვს. პირველად ვითანამშრომლე იტალიელ ოქრომჭედლებთან, რომლებმაც სამკაულები და აქსესუარები ჩემი დიზაინით დაამზადეს.

© Courtesy by Mina Jayმინა ჯეი
მინა ჯეი - Sputnik საქართველო
მინა ჯეი

– სილამაზის კონკურსზე როგორ მოხვდით?

— 2015 წელს ინდოეთში, ქალაქ გოჩში „მის აზია“ ჩატარდა. დუბაიში შესარჩევ კონკურსზე „მის ირანს“ ეძებდნენ და გადავწყვიტე მასში მონაწილეობა მიმეღო. გასაუბრებაზე წავედი, ამის მერე ორი თვე გავიდა. ამ პერიოდში ირანში ოჯახთან დავბრუნდი, შემდეგ ისევ დუბაიში ჩამოვედი. არც ვფიქრობდი, რომ ამირჩევდნენ და კონკურსი თითქმის დამავიწყდა. ერთ დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ მე შემარჩიეს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო, რადგან ჩემი სამშობლო უნდა წარმედგინა. თან ძალიან ბედნიერი ვიყავი. იმ დღიდან დავიწყე მზადება, რადგან ეს კონკურსი მხოლოდ სილამაზის არ არის. აქ უნდა გამოავლინო სხვადასხვა ნიჭი, ყველაფერს ექცევა ყურადღება – ვინ ხარ, რას ფიქრობ, როგორ წარადგენ საკუთარ თავს და ქვეყანას და ა.შ. სულ თერთმეტი გოგო ვიყავით 11 ქვეყნიდან და ყველანი ძალიან დავმეგობრდით და დღემდე ვმეგობრობთ. ერთმანეთს მართლა ვგულშემატკივრობდით. ამ სფეროში თინეიჯერობის ასაკიდან ვარ. ალბათ ჩემი გამოცდილება დამეხმარა ამ კონკურსზე და „მის ფოტოგენურის“ ტიტულიც მოვიპოვე. ძალიან ბედნიერი ვიყავი. როცა ინდოეთიდან დუბაიში დავბრუნდი, უკვე ყველა მიცნობდა და ბევრი შემოთავაზება მივიღე. იმ დღიდან ჩემი ცხოვრება შეიცვალა.

– და ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტეთ, რომ საკუთარი ბრენდი შეგექმნათ…

— დიახ, სულ ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრენდი შემექმნა, მაგრამ მაშინ თინეიჯერი ვიყავი და ამას ვერ შევძლებდი. „მის აზიის“ კონკურსის მერე დადგა ის დრო, როცა ჩემი ოცნების ასრულებას შევძლებდი. როცა პირველად სამკაულები შევქმენი, აბუდაბის გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. ეს სწორედ ის ოქროს ნაკეთობებია, რომლებიც ჩემი დიზაინით იტალიელმა ოქრომჭედლებმა დაამზადეს. ახლა აქსესუარებს ვამზადებ, რომლებსაც მალე საქართველოშიც ჩამოვიტან.

– საქართველოში როდის ჩამოხვედით პირველად და რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე ჩვენმა ქვეყანამ?

— საქართველოში პირველად ერთი წლის წინ როგორც ტურისტი ისე ჩამოვედი. როცა პირველად ვნახე ეს ქვეყანა, იმ მომენტიდან შემიყვარდა. ვფიქრობ, ეს პატარა სამოთხეა. პირველი ვიზიტის შემდეგ როცა დუბაიში დავბრუნდი, იმდენს ვლაპარაკობდი საქართველოზე, რომ მის სანახავად აქ ჩემი მეგობრების უმრავლესობა ჩამოვიდა. სახლშიც სულ საქართველოზე ვლაპარაკობდი, დაბრუნება მინდოდა. ერთ დღესაც მე, დედა და ჩემი დისშვილი, ფაზელი, რომელიც ჩემი თანატოლია და საუკეთესო მეგობარი, აქ ჩამოვედით. მას შემდეგ მე და ფაზელი ამ სამოთხეს ვერ შეველიეთ, აქ ერთად ვმუშაობთ…

© Courtesy by Mina Jayმინა ჯეი
მინა ჯეი - Sputnik საქართველო
მინა ჯეი

– თბილისში საკუთარი სასტუმრო გახსენით, როგორ გაჩნდა ეს იდეა?

— სანამ ამაზე გაგცემთ პასუხს, ერთ ამბავს გავიხსენებ: ერთი წლის წინ ტაილანდში ვიყავი დასასვენებლად, იქ ერთი კაცი იყო ავსტრიიდან, რომელსაც თავისი რესტორანი ჰქონდა გახსნილი. ყოველ დილით იქ დავდიოდი სასაუზმოდ და ვუყურებდი, როგორ მოდიოდა ეს კაცი, როგორ წმენდდა თითოეულ მაგიდას და როგორ დებდა ყვავილებს მაგიდაზე. ვუყურებდი, როგორი სიყვარულით აკეთებდა ამას და როგორ უნაწილებდა ამ სიყვარულს ადამიანებს. დღეს თბილისში ვარ და მეც მაქვს ჩემი სასტუმრო, სადაც ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან მოდიან და მე მათ სითბოსა და სიყვარულს ვუნაწილებ…

© Courtesy by Mina Jayმინა ჯეი და მისი დისშვილი ფაზელი
მინა ჯეი და მისი დისშვილი ფაზელი - Sputnik საქართველო
მინა ჯეი და მისი დისშვილი ფაზელი

– მინა, რა იცით საქართველოზე?

— ვიცი, რომ საქართველოს დიდი ისტორია და კულტურა აქვს, რომელიც ყველაფერში იგრძნობა. მომწონს ხალხი, რომელიც ძალიან რელიგიურია და მოსიყვარულე, აქ ოჯახს დიდ პატივს სცემენ. როცა ქართლის დედა ვნახე, მართლა ძალიან მომეწონა, თბილისში სადაც უნდა ვიყო, ყოველთვის თავს ვატრიალებ, რომ კიდევ ერთხელ შევავლო მას თვალი. ვნახე სამების ეკლესია, რომელიც გასაოცარია, ვიყავი მცხეთაშიც, რომელიც უძველესი და საოცარია… საქართველოში ბევრი ქართველი მეგობარი შევიძინე, ჩემი ოცნება ახდა: დღეს აქ ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ადვილი არ არის ახლის შექმნა, საქმეს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ წარმატებული ვიყო. მოხარული ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ასე მოხდა. მართალია, სასტუმროთი დავიწყე, მაგრამ მალე ჩემი სამკაულების ხაზსაც წარმოგიდგენთ.

– ძალიან ლამაზი ხართ და ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ ირანში, დუბაიში და ახლა უკვე საქართველოშიც…

— რაც შეეხება სილამაზეს, ვთვლი, რომ ეს ღმერთის საჩუქარია, ვცდილობ სულ გავიღიმო და ჩემი ღიმილით ღმერთს ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო. ამ ღიმილით მინდა სითბო გავუნაწილო ადამიანებს. რაც შეეხება, თაყვანისმცემლებს, არასდროს ვუყურებ ადამიანის გარეგნობას, ჩემთვის მთავარია, შინაგანად როგორია და ჩემში რას ხედავს, კიდევ, როგორი ღიმილი აქვს… ღიმილიანი ადამიანი ხომ ყველაზე ლამაზია?.. 

© Courtesy by Mina Jayმინა ჯეის ნამუშევრები
მინა ჯეის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
მინა ჯეის ნამუშევრები

– თქვენი სასტუმროს პირველი სტუმარი თუ გახსოვთ?

— რა თქმა უნდა მახსოვს და ეს ძალიან სასაცილო ამბავია. როცა პირველი ჯავშანი მივიღეთ სულმოუთქმელად ველოდებოდით პირველი სტუმრის მოსვლას. ეს იყო მისტერ რობერტი ინგლისიდან. ის ოთხი დღე უნდა დარჩენილიყო თბილისში, მაგრამ ისე მოეწონა აქაურობა, რომ 10 დღე დარჩა. მახსოვს, როცა სასტუმროში შემოვიდა — ყველანი კედელთან ჩავმწკრივდით და სტუმარს თვალებში ვუყურებდით. მერე ყველა ერთად კუდში დავდევდით, ეს ისე სასაცილო იყო… აქვე მინდა ყველა დავპატიჟო ჩემს სასტუმროში, ყველა გავიცნო და ბევრთან დავმეგობრდე. მინდა ყველას ვუთხრა, რომ თუ რამე ძალიან გინდათ და საქმეს გულით აკეთებთ — ყველა ოცნება აგიხდებათ. კიდევ, რაც არ უნდა მოხდეს, გაიღიმეთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0