თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. NIPPON-ის ფონდის თავმჯდომარე იოჰეი სასაკავა თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს პრეს-სამსახური.
იოჰეი სასაკავამ შეხვედრა უკვე გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან. შეხვედრაზე მხარეებმა ფონდსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსექტივები განიხილეს.
იაპონური ფონდი მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ ქვეყანასთან ძირითადად საზღვაო და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობს და 20-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს. ფონდის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საზღვაო სექტორის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დოქტორ სასაკავასთან და „ნიპონის ფონდთან“ გავაღრმავებთ ურთიერთობას და საქართველოშიც ჩამოყალიბდება ტრენინგ-ცენტრი, რომელიც მთელ რეგიონს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მოემსახურება“, — აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა.
გიორგი ჩერქეზიშვილის განაცხადებით, NIPPON-ის ფონდის პროგრამების ფარგლებში 10 ქართველს კვალიფიკაციის გადამზადების შესაძლებლობა მიეცა.
NIPPON-ის ფონდის თავჯდომარემ იოჰეი სასაკავამ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო შავი და კასპიის ზღვების რეგიონის 4 სასტიპენდიო პროგრამის სტიპენდიანტთა კონფერენციაში, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ფონდის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციაზე საზღვაო უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის პრინციპების ხელშეწყობის, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების საკითხები განიხილეს.
„ქართული მხარის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანია – შეიქმნას პლატფორმა, რომელზეც მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი შეძლებს ერთად შეკრებას და ოკეანის თემაზე საუბარს. სწორედ ეს არის ჩემი ვიზიტის მიზანი. მინდა გაწეული შრომისთვის და ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღებისთვის ყველას მადლობა გადავუხადო“, — განაცხადა იოჰეი სასაკავამ.