თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ტოკიოს საერთაშორისო კონკურსში "20th Japan Wine Challenge 2017" ქართულმა ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა, იტყობინება ღვინის ეროვნული სააგენტო.
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართა აზიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსში 20th Japan Wine Challenge 2017.
„კომპანია „ჩიგოგიძე ვაინსის" "საფერავი 2015"-მა მოიპოვა კონკურსის უმაღლესი ჯილდო — პლატინის მედალი და რეგიონალური „ტროფი", როგორც საუკეთესო წითელი ღვინო საქართველოდან. კონკურსზე სულ 19-მა ღვინომ მოიპოვა პლატინის მედალი", — ნათქვამია სააგენტოს განხცადებაში.
ორი ოქროს მედალი მოიპოვა „ვაზიანი კომპანის" ხაზის „მაყაშვილის მარნის" ღვინოებმა „მწვანე 2016" და „ხიხვი 2016". „ხიხვი 2016"-მა ასევე დაიმსახურა რეგიონალური „ტროფი", როგორც საუკეთესო თეთრმა ღვინომ საქართველოდან.
ვერცხლის მედლები მოიპოვა კომპანია „ბადაგონის" GAU5 WHITE ONE 2015-მა და "ჩიგოგიძე ვაინსის" „ალექსანდროული 2015"-მა.
ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა ასევე „ბადაგონის" სამი ღვინო: BADAGONI BRUT 2015, MAESTRO SAPERAVI 2015 და SAPERAVI RESERVE 2010.
კონკურსში მონაწილოებდა 200-მდე კომპანიის 1700 ღვინო. წარმოდგენილ ღვინოებს მსოფლიოს 30 ქვეყნიდან მოწვეული პროფეიონალი აფასებდა, მათ შორის, საფრანგეთის, ავსტრალიის, ავსტრიის, ჩილეს, იტალიის, ახალი ზელანდიის და სხვა ქვეყნების წარმომადგელები.
ჯილდოების გადაცემის ცერემონიალი გაიმართება მიმდინარე წლის ნოემბერში, ან 2018 წლის თებერვალში. „ტროფის" ჯილდოების გადაცემის ცერემონიაში იაპონიის პრინცესა ტაკამადო მიიღებს მონაწილეობას.
მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე.
მიმდინარე წლის თებერვალშიც ქართულმა ღვინომ იაპონიაში მაღალი შეფასება მიიღო — 12 დასახელების ქართულმა ღვინომ საერთაშორისო კონკურს Sakura Japan Women"s Wine Awards 2017-ზე უმაღლესი ჯილდოები — ერთი „ორმაგი ოქრო", ექვსი — ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
2016 წელს საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებული იყო 160 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 15%-ით აღემატება 2015 წლის ექსპორტის მონაცემებს. სულ საქართველომ 2016 წელს 50 მილიონი ბოთლის ექსპორტი განახორციელა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს 38%-ით აღემატება.