იაპონელი ღვინის მაგისტრი ქართული ღვინით მოიხიბლა

© photo: Wines of Georgia / FBიაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში შალაურის ღვინის მარანში
იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში შალაურის ღვინის მარანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში ქართული ღვინის ბაზრის კვლევის მიზნით საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ეწვია.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. იაპონურ ბაზარზე ქართულ ღვინოს არაჩვეულებრივი მომავალი აქვს, განაცხადა იაპონელმა ღვინის მაგისტრმა კენიჩი ოჰაშიმ, რომელიც საქართველოში ღვინის ეროვნული სააგენტოს მოწვევით იმყოფება.

"ქართულ ღვინოზე ფანტასტიკური შთაბეჭდილება დამრჩა. ჩემთვის ნამდვილად სამარცხვინოა, რომ აქამდე არ ვიცნობდი ქართულ ღვინოს. იაპონელებს მოსწონდათ საქართველოს ისტორია, მაგრამ ღვინოს არ ვიცნობდით. როდესაც აქ ჩამოვედი, უამრავი ინფორმაცია მივიღე, მათ შორის, საქართველოს ღვინის 8-ათასწლიანი ისტორიის შესახებ. საქართველო ნამდვილად ღვინის პირველი მწარმოებელია, რის გამოც პატივისცემას იმსახურებს. ასევე საინტერესოა ჯიშების მრავალფეროვნება. ეს ყველაფერი ჩვენთვის ახალია და მინდა კიდევ უფრო მეტი გავიგოთ იაპონიაში ქართული ღვინის შესახებ, რადგან ეს უძველესი ისტორიული ცოდნაა, რაც ჩვენთვის სრულიად ახალია. მოხარული ვარ აქ ყოფნით, ჩემი აზრით, ქართულ ღვინოს არაჩვეულებრივი მომავალი აქვს", — განაცხადა კენიჩი ოჰაშიმ.

კენიჩი ოჰაშის თქმით, იაპონური სამზარეულო იუნესკოს არამატერიალურ ძეგლს წარმოადგენს და ქვევრში ღვინის დამზადებაც ასევე მსოფლიოს არამატერიალურ ძეგლთა სიაშია, მათი კომბინაცია კი ორმაგ არამატერიალურ მემკვიდრეობას ქმნის. ქართული ღვინოების უმრავლესობა მკვეთრად გამორჩეულია. ქართული ღვინო იაპონურ სამზარეულოს არაჩვეულებრივად ესადაგება.

ქართული ღვინო - თბილისობა - Sputnik საქართველო
Esquire: ქართული ღვინო საუკეთესო ნატურალური ღვინოების ათეულშია

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში ქართული ღვინის ბაზრის კვლევის მიზნით საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ეწვია. მას თან ახლავს იაპონიის სომელიეთა ასოციაციის ჟურნალის (JSA) წარმომადგენელი აკიჰიკო იამამოტო, რომელიც JSA-ში 2018 წელს გამოსაქვეყნებლად ქართულ ღვინოზე ვრცელ სტატიას ამზადებს.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ აღნიშნა, კენიჩი ოჰაში წარმოადგენს სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანიას Red Bridge, რომელიც 2017 წელს იაპონიაში ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას ააწარმოებს.

საქართველოში ვიზიტის პირველ დღეს იაპონელმა სტუმრებმა შეხვედრა გამართეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში, დაათვალიერეს სააგენტოს მუზეუმი და ენოთეკა, ეწვივნენ ღვინის კომპანიას "შატო მუხრანი". ვიზიტი კახეთში გაგრძელდა და სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაესინჯათ საერთო ჯამში 100-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო.

ყველა ახალი ამბავი
0