თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ცესკომ შეაჯამა თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგები, რომელთა მიხედვით საკრებულოს დეპუტატები ოთხი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები გახდებიან.
საკრებულოს არჩევნები შერეული სისტემით ტარდება: 25 დეპუტატი აირჩევა პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით), კიდევ 25 — მაჟორიტარული სისტემით (ერთმანდატიან ოლქებში ცალკეული კანდიდატები).
ამ დროისათვის ცესკოში პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე (737) ხმების დათვლა დამთავრდა. არსებული კანონით, საკრებულოში გადიან იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ხმების 4%-ზე მეტი დააგროვეს.
წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხმა მისცა მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს" – 53,01% (205 000-ზე მეტი ხმა).
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობამ" ხმების 17,66% მიიღო, ბლოკმა "ბაქრაძე, უგულავა — ევროპული საქართველო" – 9,19%, ბლოკმა "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 5,62%.
პრაქტიკულად დასრულებულია ხმების დათვლა მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების მიხედვით. მონაცემებს 737 უბნიდან მხოლოდ ორი უბნის მონაცემები აკლია. არსებული კანონით, ერთმანდატიან ოლქში იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. ამგვარად, საკრებულოში 25-ვე ადგილი „ქართული ოცნების" დეპუტატებს ერგებათ.
არჩევნების საბოლოო შედეგები უნდა გამოცხადდეს არაუგვიანეს 1 ნოემბრისა. მეორე ტურის ჩატარების საბოლოო ვადა — 15 ნოემბერი.