თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ცესკო-ს მონაცემებით თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, კახა კალაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა.
კალაძის განცხადებით, საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, რამაც დაადასტურა, რომ საქართველოა არის დემოკრატიული სამყაროს, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.
კალაძემ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული მხარდაჭერისთვის.
„დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გამოცხადებული მხარდაჭერისთვის და მოგილოცოთ ეს დამაჯერებელი გამარჯვება. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად, დიდი პატივია, ვიყო ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის მერი. თქვენი მხრიდან გამოცხადებული მაღალი მხარდაჭერა კი მიორმაგებს პასუხისმგებლობას და მაძლევს სტიმულს, თავდაუზოგავად ვიმუშაო ჩვენი ქალაქის თითოეული თბილისელის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევისთვის", — განაცხადა კალაძემ.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მერიის კარი ღია იქნება თბილისის თითოეული გულშემატკივრისთვის, ნებისმიერი კონსტრუქციული ძალისთვის და თუნდაც მისი ყოფილი კონკურენტებისთვისაც, რომელთაც კონკრეტული რეალისტური იდეები აქვთ და სურთ, საკუთარი წვლილი შეიტანონ დედაქალაქის უკეთესი მომავლის მშენებლობაში.
კალაძემ მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებსაც.
„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ჟურნალისტებს, რადგან თქვენი მეშვეობით ხდებოდა იმ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, თუ რა კონკრეტული პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში", — განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისი მალე განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავა. ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისი აუცილებლად იქნება კიდევ უფრო სოლიდარული, ჯანსაღი და სიცოცხლით სავსე ქალაქი.