თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა კახა კალაძეს თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვება სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მიულოცა, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.
ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე უთანასწორო ბრძოლას ჰქონდა ადგილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან მმართველი პარტიის წარმომადგენელს, კახა კალაძეს გამარჯვება მიულოცა.
"ახალი პოლიტიკური კულტურის დანერგვა მინდოდა და მინდა კიდეც, ამიტომ ვაღიარებ კალაძის გამარჯვებას და მას წარმატებას ვუსურვებ. ათი ათასობით მოქალაქის მხარდაჭერა მივიღე, რისთვისაც მადლობა მათ, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში ჩემს მიმართ საშინელი ანტიპიარი მიმდინარეობდა. მაქვს პროგრამები, რომელსაც, სურვილის შემთხვევაში, მხოლოდ მოხალისეებს გადავცემ", — განაცხადა ელისაშვილმა.
ალექსანდრე ელისაშვილმა მისი შტაბის წევრებს და მხარდამჭრებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, იგი მომავალშიც გააგრძელებს ბრძოლას ქალაქის განვითარებისთვის.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში 51,06 %-ით "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე პირველ ადგილზე, 17,46 %-ით კი მეორე ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი გავიდა.
ცესკომ თბილისის 737-ვე უბნის მონაცემების დათვლა უკვე დაასრულა.