თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებზე ძირითადი თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა, განაცხადა საქართველოს ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მისიის ხელმძღვანელმა კორიენ იონკერმა კვირას გამართულ ბრიფინგზე.
ODIHR-ის 200-კაციანი დელეგაცია საქართველოში იანვარში ჩამოვიდა და ქვეყნის მასშტაბით 71 საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესების მონიტორინგს ახორციელებდა.
„ზოგადად, კენჭისყრიმ დღემ, მოწესრიგებულ ვითარებაში ჩაიარა. უბნების გახსნის და ხმების დათვლის პროცესმა კარგი ან ძალიან კარგი შეფასება დაიმსახურა თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე მცდელობა დაფიქსირდა, როდესაც ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენდნენ და უნდოდათ აღერიცხათ თუ ვინ აძლევდა ხმას. იმ 71 საარჩევნო უბნიდან, სადაც დაკვირვება მიმდინარეობდა, ხმების დათვლის პროცესი უარყოფითად შეფასდა 11 უბანზე", — განაცხადა იონკერმა.
ეუთოს წარმომადგენელმა არჩევნების ორგანიზაციის დონე დადებითად შეაფასა.
„ცესკო და საარჩევნო ადმინისტრაციის ქვეგანაყოფები საქმიანობას ახორციელებდნენ დროულად, ეფექტურად და პროფესიულად. ზოგადად, ცესკო მხარეების ნდობით სარგებლობს, თუმცა ზოგიერთმა ოპოზიციურმა კანდიდატმა ადმინისტრაციის მიუკერძოებლობა ეჭვის ქვეშ დააყენა", — განაცხადა იონკერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისია ქვეყანაში მუშაობას საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე გააგრძელებს.