შსს: „ქართული ოცნების" ოფისთან მომხდარ სროლას პოლიტიკურ ჭრილში ნუ განიხილავთ

გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ სოფელ ჯიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" ოფისთან მომხდარი სროლა პოლიტიკურ კონტექსტში არ განიხილონ.

გუშინ, გვიან ღამით უცნობმა პირმა სოფელ ყიზილაჯლოში მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა. თვითმხილველებმა გასროლის რამდენიმე ხმა გაიგონეს. მომხდარი ფაქტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, რომლებიც ამ დროისთვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

„მინდა გთხოვოთ, რომ თავი შეიკავოთ სავარაუდო ვერსიების გავრცელებისგან. მოდით, ნუ განვიხილავთ ამ ფაქტს ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურ ჭრილში", — განუცხადა მღებრიშვილმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
სროლა „ქართული ოცნების" ოფისთან: დაჭრილია ოთხი ადამიანი

როგორც მან აღნიშნა, გამოძიება მომხდარის ყველა შესაძლო ვერსიაზე მუშაობს.

„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები… ყველაზე მთავარია, რომ, ექიმების სიტყვით, დაჭრილთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", — აღნიშნა მღებრიშვილმა.

სისხლის სამართლის საქმე „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების" მუხლით აღიძრა. ბოლო ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი მმართველი პარტიიდან საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, მეორე — მარნეულის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი, დანარჩენი ორი კი მათი ოჯახის წევრები არიან.

შაბათს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება — მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების მერებსა და ასევე საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ.

ყველა ახალი ამბავი
0