თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი პარასკევს, 20 ოქტომბერს თბილისის Buddha Bar-ში სოლო კონცერტს გამართავს, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
საღამოს აჟღერდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ფრედერიკ შოპენის, ფერენც ლისტის, ვიქტორ დოლიძისა და არნო ბაბაჯანიანის ნაწარმოებები.
კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე.
ვალერიან შიუკაშვილი – საქართველოს ხელოვნების აკადემიის დამაარსებელი და რექტორი, 1975 წლის 11 ნოემბერს თბილისში დაიბადა. მან ფორტეპიანოზე დაკვრა 12 წლისამ დაიწყო. თავისი პირველი და მთავარი პრიზი მუსიკოსმა 1992 წელს ჩაიკოვსკის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო კონკურსზე მიიღო. 2003 წელს მან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.
მუსიკოსი მუდმივად დადის გასტროლებზე, კონცერტებსა და მასტერ-კლასებს მართავს ევროპის საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში.
საქართველოს ხელოვნების აკადემია 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ის ნიჭიერ ბავშვებს ეხმარება, განავითარონ საკუთარი ნიჭი, ამზადებს მათ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსებზე გამოსვლისთვის. ვალერიან შიუკაშვილის სახელი შესულია წიგნში „XXI საუკუნის ვარსკვლავები".