ახალგაზრდა ქართველი ვირტუოზი პიანისტები სლოვენიაში წარდგებიან

© Sputnik / Denis Aslanovპიანისტი სანდრო ნებიერიძე
პიანისტი სანდრო ნებიერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლასიკური ხელოვნების ფესტივალში მონაწილეობენ 13 წლის ეკატერინე ნიკოლაძე და 14 წლის ილია ლომთათიძე

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ორი ახალგაზრდა ქართველი პიანისტი — ეკატერინე ნიკოლაძე და ილია ლომთათიძე კლასიკური ხელოვნების ფესტივალზე სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში წარდგებიან.

ქართველი პიანისტები ოთხშაბათს, 19 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო პროგრამაში „ახალგაზრდა ვირტუოზები".

ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე მუსიკალური ციკლი „ახალგაზრდა ვირტუოზები" ხუთი თვე გრძელდება და წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნიდან ნორჩი ნიჭიერი პიანისტების შემოქმედებას, რომლებმაც სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე თავი უკვე გამოიჩინეს.

ეკატერინე ნიკოლაძე ლიუბლიანაში დაუკრავს მიშელ სონის, ფერენც ლისტის, იოჰანეს ბრამსის, სერგეი რახმანინოვის, სერგეი პროკოფიევის და ბიძინა კვერნაძის ნაწარმოებს.

პიანისტი სანდრო გეგეჭკორი - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა ვენაში ფოირიხის კონკურსის გრან-პრი მოიპოვა

ილია ლომთათიძის პროგრამაშია — ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ფრედერიკ შოპენის, ფერენც ლისტის, ჟორჟ ბიზეს და მიშელ სონის ნაწარმოები.

ეკატერინე ნიკოლაძე 13 წლის არის. ფორტეპიანოზე დაკვრა 6 წლის ასაკში პედაგოგ თინათინ ენდელაძესთან ქუთაისის მუსიკალურ სკოლაში დაიწყო. პატარა ასაკის მიუხედავად, ეკატერინე საქართველოს სხვადასხვა კონკურსის უამრავი პრიზის და ჯილდოს მფლობელია. 2016 წელს მოწვეული იყო ელისო ბოლქვაძის ფესტივალ Batumi Music Fest-ზე, სადაც მასტერ-კლასი გაიარა და სპეციალური ჯილდო მიიღო. სწორედ ამ ფესტივალზე ეკატერინე შეამჩნიეს და ლიუბლიანაში მიიწვიეს.

14 წლის ილია ლომთათიძე თბილისში დაიბადა. ფორტეპიანოზე დაკვრას 8 წლიდან მიშელ სონის მეთოდით სწავლობს, მისი ფონდის SOS Talents-ის ერთ-ერთი წარმატებული პროტეჟეა. მის კონცერტებს ფრანგულ ტელეარხ Mezzo-ზე აჩვენებენ. 2015 წელს ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურს Astana Piano Passion-ზე ყაზახეთში პირველი პრემიის მფლობელი გახდა. ილია ლომთათიძე ხშირად უკრავს სოლო კონცერტებზე და ორკესტრის თანხლებით საფრანგეთში, შვეიცარიაში, ლატვიაში, რუსეთში. დენის მაციევმა ის ფესტივალ "ბაიკალის ვარსკვლავებზე" მიიწვია. ამჟამად ილია ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში პედაფოფ ნატალია ნაცვლიშვილის მოსწავლეა.

 

ყველა ახალი ამბავი
0