თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერიას 2016 წელს მერის მოადგილეებისთვის გაცემული პრემიების გამო განმარტების გაკეთება მოუხდა.
დავით ნარმანიას ხუთი მოადგილე ჰყავს. ოპოზიციურმა პარტიებმა და ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ გააკეთეს განცხადება თბილისის მერიაში დიდი პრემიების გაცემის შესახებ.
„გვსურს განვმარტოთ, რომ 2016 წლის განმავლობაში თბილისის ვიცე-მერმა და მოადგილეებმა პრემიის სახით ჯამში 7200 ლარი მიიღეს, რაც თითოეული თანამშრომლის შემთხვევაში ერთჯერადად მიღებული სადღესასწაულო პრემიაა — დაახლოებით 1400 ლარი", — ნათქვამია განცხადებაში.
იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში არ იქნას შეყვანილი, რომ მერიაში ადმინისტრაციული ხარჯები გაზრდილია, თბილისის მთავრობამ გასული წლების მონაცემები წარმოადგინა. მაგალითად, 2013 წელს, როდესაც თბილისის მერი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე გიგი უგულავა იყო, თბილისის მერის მოადგილეებმა პრემიის სახით 127,187 ათასი ლარი მიიღეს.
2014 წელს კი 8 თვის განმავლობაში მოადგილეების მიერ პრემიის სახით მიღებულია 57 850 ლარი.
„ეს იმას ნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში მერის მოადგილეების მიერ წლის განმავლობაში აღებული პრემიის ოდენობა, ახლანდელი მოადგილეების მიერ აღებულ თანხას, საშუალოდ, 12-ჯერ აღემატება", — ნათქვამია განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ მხოლოდ 2017 წელს მერიაში ადმინისტრაციული ხარჯები მკვეთრად შემცირდა — 22,3 მილიონი ლარით.
თბილისის მერის პოსტზე დავით ნარმანიას ვადა იწურება — თბილისელები ახალ მერს 21 ოქტომბერს აირჩევენ.
ნარმანია თბილისის მერი 2014 წლის ივლისში გახდა, როდესაც არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელს ამ დროის განმავლობაში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მხარდაჭერა ჰქონდა, რაც ოპოზციის უკმაყოფილებას იწვევდა.
თბილისის მერის არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფარგლებში გაიმართება. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები 64 ქალაქისა და რაიონის მერებსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ.