საქართველოში ახალი კანიონის მარშრუტი გაჩნდა

© Courtesy by Victor Lyagushkinძმუისის კანიონი
ძმუისის კანიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანიონისკენ მიმავალი გზა 25-მეტრიანი ჩანჩქერიდან იწყება.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. კლუბ „თეთნულდის" ალპინისტებმა და მოგზაურებმა სოფელ ძმუისში (იმერეთი) კანიონის ინფრასტრუქტურა მოაწყვეს. კანიონის შესახებ მათ 2015 წელს შეიტყვეს. ამის თაობაზე „Sputnik-საქართველოს" კლუბის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი ჯულაყიძემ უამბო.

ძმუისის კანიონი პირველად კლუბ „თეთნულდის" წევრებმა კანიონების იტალიელ სპეციალისტებთან – ფრანჩესკო ბერტისთან და ანდრეა პომპელისთან ერთად 2015 წელს გაიარეს. ექსპედიციაში მონაწილეობდა სპელეოლოგი ამირან ჯამრიშვილიც, რომელმაც თავის დროზე პრომეთეს მღვიმე აღმოაჩინა.

Sputnik-საქართველოს გადამღებმა ჯგუფმა მარტვილის კანიონში გაისეირნა - Sputnik საქართველო
სამეგრელოს მარგალიტი: გასეირნება მარტვილის კანიონში

„თეთნულდის" მოგზაურებმა ერთი წლის შემდეგ National Geographic-ის ფოტოგრაფ ვიქტორ ლიაგუშკინთან და ორ სპელეოლოგთან – ვალერი ბარბაქაძესა და გიგო ონიანთან ერთად, უცნობი კანიონის პოპულარიზების მიზნით, ფოტო და ვიდეომასალა გადაიღეს.

კანიონისკენ მიმავალი გზა 25-მეტრიანი ჩანჩქერიდან იწყება. კანიონის სიგრძე 3,5 კილომეტრია. მისი გავლისას შვიდი კასკადური ჩანჩქერის ნახვაა შესაძლებელი.

კანიონი ზღვის დონიდან 1,2 ათას მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, ხოლო დაშვების შემდეგ კანიონის სტუმარი 600 მეტრ სიმაღლეზე აღმოჩნდება. კანიონში დაშვება მხოლოდ თოკებისა და სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით შეიძლება.

© Личный архив Виктора Лягушкинаძმუისის კანიონი
Каньон Дзмуиси - Sputnik საქართველო
ძმუისის კანიონი

ჯულაყიძის თქმით, ძმუისის კანიონის გზა ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია მათ შორის, რომლებიც კლუბის წევრებმა ბოლო დროს გაიარეს.

„ჩვენ კანიონი ორჯერ გავიარეთ მთლიანად და დავადგინეთ ტექნიკური მარშრუტი, რადგან გზა საკმაოდ რთულია და მისი გავლა ადვილი არ არის, წყალი საკმაოდ ცივია, მაგრამ ეს ადგილი თავისი სილამაზითა და გამწვანებით გამოირჩევა", — აღნიშნა ჯულაყიძემ.

ჯულაყიძის თქმით, ექსტრიმის მოყვარულებზე კანიონის ჩანჩქერზე დაშვება აღუწერელ შთაბეჭდილებას მოახდენს, რადგან ეს კანიონი ყველაზე დიდი და ტექნიკურად საკმაოდ რთულია.

საქართველოში ბევრი კანიონია, მათი ძირითადი ნაწილი დასავლეთ საქართველოში — იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებშია.

ძმუისის კანიონის გარდა, კლუბის წევრებმა რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს მღვიმე „მურადი", რომელიც რაჭაში, ნაქერალას უღელტეხილზე მდებარეობს, ხოლო 2014 წლის 1 ნოემბერს მათ მღვიმიდან ახალი გასასვლელი აღმოაჩინეს.

© Личный архив Ачи Дждженаваმურადის მღვიმე
Пещера Муради - Sputnik საქართველო
მურადის მღვიმე

მურადის მღვიმემ მეცნიერების დიდი ინტერესი გამოიწვია, მის შესახებ სამეცნიერო სტატიები იწერება. მღვიმეს ჩეხი მეცნიერები აპარატურის მეშვეობით იკვლევენ, ხოლო ქართველი მეცნიერები სამეცნიერო კვლევას ატარებენ.

ალპინისტთა და მოგზაურთა კლუბი „თეთნულდი" 2012 წელს დაარსდა. მისი მთავარი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიაზე აქამდე უცნობი ადგილების შესწავლა და პოპულარიზაცია. გარდა ამისა, კლუბის წევრები აწყობენ სამეცნიერო ექსპედიციებს და ახალგაზრდა მეცნიერებს ძნელად მისადგომი ადგილების გავლაში ეხმარებიან.

ჯულაყიძის თქმით, ტყიბულის რაიონში ბევრი მონასტრის ნანგრევები და უჩვეულო ხეობებია. საქართველოს ეს ნაწილი მოითხოვს პოპულარიზებას, რის შემდეგაც ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კუთხე გახდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ტურისტებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0