„Sputnik-საქართველოს“ გადამღებმა ჯგუფმა გაისეირნა მარტვილის კანიონში — სამეგრელოს ერთ-ერთ უმთავრეს და ულამაზეს ღირსშესანიშნავ ადგილზე.
მარტვილის კანიონი ქალაქიდან ხუთი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, სოფელ გაჭედილის სამხრეთით. კანიონში მიედინება მდინარე აბაშა. თავად კანიონი ზედა და ქვედა ნაწილებისგან შედგება, რომლებიც მეჩეჩით იყოფა. ზედა ნაწილში ნავებით სეირნობაა შესაძლებელი, ქვემოთ კი ცურვის მსურველები იყრიან თავს.
კანიონს კიდევ ერთი რამ გამოარჩევს — აქ ყოველთვის გრილა. მაშინაც კი, როდესაც ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, კანიონში ის ბევრად დაბალია, მდინარე კი ძალიან ცივი.
მარტვილის კანიონთან ახლოს არის მონასტერი ჭყონდიდი, ბალდას ჩანჩქერები, ნოჯიხევის მონასტრის ნანგრევები, არქეოპოლისი ციხეგოჯი სოფელ ნოქალაქევში და დადიანების სასახლე სოფელ სალხინოში.