თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროები ყანდაგარის პროვინციაში აფეთქებისას არ დაშავებულან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
ტერაქტი ავღანეთში სამხედრო ბაზაზე ოთხშაბათ საღამოს მოხდა. ააფეთქეს მაღალი გამავლობის ორი ავტომობილი, რის შედეგადაც დაიღუპა 40 სამხედრო მოსამსახურე. მსოფლიო საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა Humvee-ს ავტომობილებით ყანდაგარის პროვინციაში სამხედრო ბაზას შეუტიეს. აფეთქება დაადასტურა ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომაც.
„ჩვენთან სიმშვიდეა. ჩვენები იმ ადგილიდან, სადაც ეს (აფეთქება) მოხდა, შორს იმყოფებიან", — განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.
ნატოს სამშვიდობო მისია "მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. 2015 წლის დასაწყისში ქაბულში, ყანდაგარში, გერათში, მაზარი-შარიფში 12 000 სამხედრო განთავსდა. ქართული მხრიდან მისიაში 870 სამხედრო მონაწილეობს.
ქართველი სამხედროები ძირითადად ქაბულში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და მაზარი-შარიფში არიან განლაგებული.
სექტემბრის დასაწყისში ტერორისტები თავს დაესხნენ ბაგრამის ბაზას. შედეგად დაიჭრნენ სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი, პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე და უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე. ამჟამად ისინი გერმანიაში მკურნალობენ.
2016 წლის ნოემბერში რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" ბოევიკებმა მაზარი-შარიფში დანაღმული ავტომობილით გერმანიის საკონსულოს შეუტიეს. ადგილზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სწრაფი რეაგირების ჯგუფი მივიდა, მოიგერია ტერორისტების შეტევა და საკონსულოს თანამშრომლები სამშვიდობოს გაიყვანა.