თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ირმა ინაშვილი თბილისის მერობის პოსტზე "საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან" იბრძოლებს — არჩევნებზე ის მე-8 ნომრად გადის.
„Sputnik-საქართველო" თბილისის მერობის კანდიდატების ბიოგრაფიების პუბლიკაციას აგრძელებს.
ახალგაზრდობაში ირმა ინაშვილი კომპოზიტორობაზე ოცნებობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში აირჩია საქმიანობის სხვა სფერო — ჟურნალისტიკა, რომელსაც ცხოვრების 20 წელი მიუძღვნა. მაგრამ მუსიკაზე საბოლოოდ უარი არ უთქვამს — ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მან ამომრჩევლებს უმღერა.
ირმა ინაშვილი 1970 წლის 6 ივნისს დაიბადა. განათლებით ჟურნალისტია.
მუშაობა 23 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც „პირველი არხის“ რედაქტორი გახდა. 2005 წელს სახელმწიფო ტელეარხიდან წავიდა და მედია-კავშირ „ობიექტივის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. ტელეარხი "ობიექტივი" მაშინ ინტერნეტში მაუწყებლობდა და ინაშვილი მისი რედაქტორი იყო.
მოგვიანებით, 2010 წელს, როდესაც „ობიექტივმა" ტელემაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა, ინაშვილი ტელეარხის პროგრამული დირექტორი გახდა.
მუშაობის პერიოდში ინაშვილმა დამსახურებული ჟურნალისტის წოდება მოიპოვა.
2014 წელს ინაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად „პატრიოტთა ალიანსი" დააარსა. ორი წლის შემდეგ ამ პარტიამ არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვა და პარლამენტში მოხვედრა შეძლო.
ამჟამად ინაშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტს იკავებს.