თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებსა და საარჩევნო პროცესში მონაწილე მხარეებს შეახსენებს, რომ 21 ოქტომბერი უქმე დღეა, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„2017 წლის 21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს — საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამომრჩევლებსა და საარჩევნო პროცესის მონაწილე მხარეებს შეახსენებს, რომ საარჩევნო კოდექსის (მუხლი 6) შესაბამისად, არჩევნების დღე — 21 ოქტომბერი არის უქმე დღე", — აღნიშნულია ვებ-გვერდზე.
საქართველოში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ჩატარდება. ქვეყნის მოქალაქეები 64 ქალაქისა და რაიონის მერებსა და 64 საკრებულოს 2 058 დეპუტატს აირჩევენ. თბილისის მერობისთვის 13 კანდიდატი იბრძოლებს. ცესკომ თვითმმართველობის არჩევნებზე 35 პარტია დაარეგისტრირა, აქედან 11 ხუთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს 20 ათასი ადგილობრივი და 600 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება. ცესკომ ასევე დაარეგისტრირა 74 ადგილობრივი და საერთაშორისო მედია-საშუალება.