თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. პოლიცია საქართველოში მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის და მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს იმისთვის, რათა საარჩევნო პერიოდმა წელსაც მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სამუშაო თათბირზე.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს არის დაგეგმილი, რომელიც საქართველოს 64 ქალაქსა და რაიონში ჩატარდება. მოსახლეობამ 64 საკრებულოს 2 058 დეპუტატი და ასევე 64 ქალაქისა და რაიონის მერი უნდა აირჩიოს.
„ჩვენ, კანონის შესაბამისად, ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერ გადაცდომაზე ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის არჩევანის თავისუფლება", — აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების უსაფრთხო და დემოკრატიული გარემოში გამართვის უზრუნველსაყოფად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სპეციალური ჯგუფების შექმნის ბრძანება გამოსცა.
გიორგი მღებრიშვილის ბრძანების თანახმად, კანონის დარღვევის პრევენციის მიზნით, ასევე მათზე დროული და შესაბამისი რეაგირებისთვის, საქართველოს თითოეულ რეგიონში შეიქმნება წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებმაც არჩევნების გამართვის დღემდე უნდა უზრუნველყონ წინასაარჩევნო აგიტაციის უსაფრთხო პროცესი.
მინისტრის განცხადებით, პოლიცია აპოლიტიკური სტრუქტურაა და ინარჩუნებს ნეიტრალიტეტის პრინციპს. ასე იყო წინასაარჩევნო პერიოდში და ასე იქნება არჩევნების დღესაც.
შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა.