თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააფორმა საპროცესო გარიგება პროკურატურასა და ლევან მექვაბიშვილს შორის, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში დამნაშავედ არის ცნობილი, და მას პატიმრობის ვადა 12 წლიდან 7 წლამდე შეუმცირა, ნათქვამია მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაში.
პეტრიაშვილზე თავდასხმა თბილისის საბურთალოს სასაფლაოზე 26 თებერვალს მოხდა. ის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებითა და ზურგისა და თავის ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. იმ დროს პეტრიაშვილი „თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი იყო. ნოემბერში თბილისის სასამართლომ მექვაბიშვილს 12 წლით პატიმრობა შეუფარდა. გარიგება მარტში გაფორმდა, მაგრამ ცნობილი ამის შესახებ 19 ოქტომბერს გახდა.
„2017 წლის 14 მარტს, მსჯავრდებულ ლევან მექვაბიშვილთან თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დაზარალებულ ალექსი პეტრიაშვილის თანხმობით და მისი პოზიციის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ლევან მექვაბიშვილმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და შეურიგდა დაზარალებულს, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის მონაცემებით, ლევან მექვაბიშვილი 7 წლიდან 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.
მექვაბიშვილი 7 მარტს ბორჯომში დააკავეს. პროკურატურამ საქმე აღძრა სსკ-ის მუხლით „სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად". აქედან გამომდინარე, გამოძიება ამტკიცებს, რომ მექვაბიშვილს თანამზრახველი ჰყავდა. მისი ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია.
პროკურატურის მონაცემებით, მექვაბიშვილი და მისი თანამზრახველი თავს დაესხნენ პეტრიაშვილს, სცემეს ის ლითონის ჩაქუჩითა და ხელკეტით, შემდეგ ესროლეს რამდენჯერმე და მიიმალნენ.