თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. კახა კუკავა თბილისის მერის თანამდებობაზე კენჭს იყრის ბლოკიდან „დემოკრატიული მოძრაობა — თავისუფალი საქართველო". არჩევნებზე ის მესამე ნომრით გადის.
„Sputnik-საქართველო" ადგილობრივი არჩევნების წინ თბილისის მერობის კანდიდატების ბიოგრაფიების გამოქვეყნებას განაგრძობს.
კუკავა უკვე 13 წელია პოლიტიკაშია და მთელი ეს წლები — ოპოზიციაში. ის იყო მასშტაბური საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი 2007 და 2009 წლებში, წინა ხელისუფლების დროს.
ამ არჩევნებზე კუკავამ ძალების გაერთიანება საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობასთან" გადაწყვიტა.
კახა კუკავა 1976 წლის 12 ივლისს დაიბადა. პროფესიით ის იურისტია და გარკვეული წლების განმავლობაში საადვოკატო პრაქტიკას მისდევდა.
კუკავამ მუშაობა 20 წლისამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონსულტანტის თანამდებობაზე დაიწყო. შემდეგ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გადავიდა.
2001 წელს მან მიატოვა სახელმწიფო სამსახური და კერძო საადვოკატო საქმიანობა დაიწყო.
კუკავა 2004 წელს საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახდა. იმავე წელს გაწევრიანდა ქვეყნის ერთ-ერთ უძველეს „კონსერვატიულ პარტიაში".
კუკავამ 2010 წელს კონსერვატორების რიგები დატოვა და საკუთარი პარტია „თავისუფალი საქართველო" შექმნა. იმავე წელს ამ პარტიიდან ის თბილისის საკრებულოში შევიდა.
ბოლო ოთხი წელი კახა კუკავა ქვეყნის არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია და ის ყველა ინიციატივაში იღებს მონაწილეობას.