ვინ მიიღო „თბილისი მარათონი 2017"-ის გაუქმების გადაწყვეტილება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მარათონი
თბილისის მარათონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიამ მარათონის ორგანიზატორებს შესთავაზა გარბენის გადატანა 07:00 საათზე, ნაცვლად 09:00 საათისა, ან ღონისძიების სხვა ადგილზე ჩატარება.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. „თბილისი მარათონი 2017"-ის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფმა მიიღო და არა დედაქალაქის მთავრობამ, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

„სამწუხაროა, რომ ღონისძიების გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით დაზარალდნენ როგორც მარათონში მონაწილეობის მსურველი მოქალაქეები, ისე ტურისტები, რომლებიც ამ ღონისძიების ფარგლებში გეგმავდნენ თბილისში სტუმრობას", — აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის მარათონი - Sputnik საქართველო
საქველმოქმედო მარათონი თბილისში გაუქმდა

გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია მიმდინარეობს და აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, ღონისძიების ჩატარებისას რუსთაველის, აღმაშენებლის გამზირისა და სხვა ცენტრალური ქუჩების გადაკეტვამ, შესაძლოა, გამოიწვიოს სატრანსპორტო კოლაფსი და მოქალაქეების უკმაყოფილება.

ამიტომ თბილისის მერიამ მარათონის ორგანიზატორებს შესთავაზა გარბენის გადატანა 07:00 საათზე, ნაცვლად 09:00 საათისა, ან ღონისძიების სხვა ადგილზე ჩატარება.

ზემოაღნიშნული შეთავაზებების მიუხედავად, ღონისძიების ორგანიზატორებმა არ გაითვალისწინეს ის არგუმენტები, რომლებიც ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის პარალიზებისა და მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნის თავიდან აცილებას და უარი განაცხადეს „თბილისი მარათონის“ შეთავაზებული ფორმებით ჩატარებაზე, აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

ორგანიზატორებმა, თავის მხრივ, მერიის ორივე შეთავაზებაზე გარკვეული მიზეზების გამო თქვეს უარი.

„ღონისძიების დილის 7 საათზე დაწყება — მორბენლები მარათონის დაწყებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე მოდიან ღონისძიებაზე რეგისტრაციის გავლის, სანომრე ნიშნების მიღებისა და ხელბარგის დასაწყობების მიზნით. დილის 5 საათზე ღონისძიების დაწყება ფიზიკურად შეუძლებელია და არ აკმაყოფილებს არც ერთ საერთაშორისო სტანდარტს. ღონისძიების ლოკაციის შეცვლა — "თბილისი–მარათონი" 2015 წლიდან მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია და შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, Mika Timing-ის Official Timekeeping and Data Processing ავტომატური სისტემით ხორციელდება. სარბენი მარშრუტი 2016 წელს აიზომა AIMS-ის მიერ. იმის გამო, რომ ღონისძიებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება, შეუძლებელია ლოკალიის შეცვლა. სარბენი ტრასის გაზომვა და ტექნიკის გადაწყობა საჭიროებს, სულ მცირე, ორთვიან წინასწარ პროცედურას", – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა.

მარათონის ქველმოქმედება იმაში გამოიხატება, რომ გარბენის ორგანიზატორები, ტრადიციულად, მარათონიდან შემოსულ თანხას აორმაგებენ და მას ქველმოქმედებას ახმარენ. 2016 წელს შეგროვდა 23 ათასი ლარი, რომელიც გაორმაგდა და პალიატიური დახმარების ბავშვთა ჰოსპისს 46 ათასი ლარი გადაეცა.

Tbilisi Marathon მეექვსედ უნდა ჩატარებულიყო, პირველად ის 2012 წელს გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0