თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. 22 ოქტომბერს დაგეგმილი თბილისის საქველმოქმედო მარათონი (Tbilisi Marathon) გაუქმდა, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები Facebook-გვერდზე.
თბილისის მერიის განცხადებით, მარათონის ჩასატარებლად აუცილებელია ქუჩების გადაკეტვა, ხოლო გზებზე სარემონტო სამუშაოების გამო ქალაქი შეიძლება პარალიზებული აღმოჩნდეს. მარათონის მონაწილეებს 10 ან 21 კილომეტრი უნდა გაერბინათ.
"უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ მიერ „თბილისი–მარათონი–2017“-ის თარიღის (2017 წლის 22 ოქტომბრის) და მარშრუტის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიას პირველად ეცნობა 2016 წლის ნოემბრის თვეში (ხოლო შემდგომში 2017 წლის თებერვალი, აპრილში, სექტემბერში)", — აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები.
თბილისის მერიამ ორგანიზატორებს შესთავაზა გარბენის გადატანა დილის 7 საათზე, ნაცვლად 10 საათისა, ან ღონისძიების სხვა ადგილზე ჩატარება.
ორგანიზატორებმა მერიის ამ ორივე წინადადებაზე უარი თქვეს გარკვეული მიზეზის გამო.
"ღონისძიების დილის 7 საათზე დაწყება — მორბენლები მარათონის დაწყებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე მოდიან ღონისძიებაზე რეგისტრაციის გავლის, სანომრე ნიშნების მიღებისა და ხელბარგის დასაწყობების მიზნით. დილის 5 საათზე ღონისძიების დაწყება ფიზიკურად შეუძლებელია და არ აკმაყოფილებს არც ერთ საერთაშორისო სტანდარტს. ღონისძიების ლოკაციის შეცვლა — „თბილისი–მარათონი“ 2015 წლიდან მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია და შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, Mika Timing-ის Official Timekeeping and Data Processing ავტომატური სისტემით ხორციელდება. სარბენი მარშრუტი 2016 წელს აიზომა AIMS-ის მიერ. იმის გამო, რომ ღონისძიებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება, შეუძლებელია ლოკალიის შეცვლა. სარბენი ტრასის გაზომვა და ტექნიკის გადაწყობა საჭიროებს, სულ მცირე, ორთვიან წინასწარ პროცედურას", – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
მარათონის ქველმოქმედება იმაში გამოიხატება, რომ გარბენის ორგანიზატორები, ტრადიციულად, მარათონიდან შემოსულ თანხას აორმაგებენ და მას ქველმოქმედებას ახმარენ. 2016 წელს შეგროვდა 23 ათასი ლარი, რომელიც გაორმაგდა და პალიატიური დახმარების ბავშვთა ჰოსპისს 46 ათასი ლარი გადაეცა.
Tbilisi Marathon მეექვსედ უნდა ჩატარებულიყო. პირველად ის 2012 წელს გაიმართა.