თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. კოკისპირულმა წვიმებმა და ძლიერმა ქარმა დასავლეთ საქართველოს რაიონებს სერიოზული ზარალი მიაყენა — დაზიანდა გზები და დაინგრა კერძო სახლი, იუწყება ქართული მასმედია.
ამინდი გასული კვირის ბოლოს გაუარესდა. კოკისპირული წვიმების შედეგად განსაკუთრებით დასავლეთ საქართველო დაზარალდა, სადაც უამინდობის შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობა გრძელდება.
„მიწის დიდი მასა ჩამოვიდა, რამაც საცხოვრებელი სახლი და ბოსელი (ბაჯელიძეების ოჯახის) მთლიანად წაიღო, სტიქიის შედეგად არავინ დაზიანებულა… ბაჯელიძეების ოჯახი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი", — განუცხადა ტელეკომპანიას Imedi ქედის რაიონის გამგებელმა დავით დუმბაძემ.
უამინდობისგან აჭრის სხვა რაიონებიც დაზარალდა. ხულოს რაიონში ძლიერი წვიმისა და ქარისგან დაზიანდა გზები. ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. ვითარების შესწავლაში გეოლოგები ჩაერთვებიან, იუწყება აჭრის ტელევიზია.
უკვე მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება ქობულეთის რაიონის რამდენიმე სოფელს. წვიმის გამო ციხისძირსა და ბუკნარში მწყობრიდან გამოვიდა სათავო ნაგებობები. გარდა ამისა, სოფელ ოჩხამურში დაიწვა ტრანსფორმატორი. ამჟამად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ბოლო დღეებში მეწყერი ადგილობრივ მცხოვრებთა 17 სახლთან ჩამოწვა. ორ ოჯახს დროებით ახლობლებთან გადასვლა მოუწია. სიტუაციას ადგილზე გეოლოგები სწავლობენ.
კოკისპირული წვიმის გამო სოფელი ზოტი გურიაში გარესამყაროს მოწყდა. ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე გუბაზოულმა დააზიანა სოფლისა და ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზა. ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია — გზა უკვე გაწმინდეს.
ბოლო დღეების განმავლობაში გურიაში ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარეებმა დასახლებული პუნქტები და საავტომობილო გზები დატბორა. ყველაზე მეტად ქალაქი ოზურგეთი დაზარალდა, სადაც მოსახლეობას სახლები დაეტბორა.