თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. მიღებული შემოწირულობების მხრივ ლიდერობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" — ადგილობრივ არჩევნებამდე სამნახევარ თვეში პარტიამ 11,6 მლნ ლარი მიიღო.
ქვეყნის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით, მთლიანობაში 1 ივლისიდან 15 ოქტომბრამდე დარეგისტრირებულმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა შემოწირულობების სახით 12,9 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.
ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიას „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" ამ პერიოდში შემოწირულობის სახით გადაურიცხეს თითქმის 931 ათასი ლარი, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" – 108 ათას ლარზე მეტი. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" 63 ათას ლარზე მეტი მიიღო.
შემდეგ მოდიან არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ახალი საქართველო" – 35 ათას ლარზე მეტი და პარტია „დემოკრატიული მოძრაობა" – დაახლოებით 31,4 ლარი.
რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატებს, მათ შორის ლიდერობს ზუგდიდის მერობის კანდიდატი დომენტი სიჭინავა. მან შემოწირულობის სახით მიიღო 50,1 ათას ლარზე მეტი. შემდეგ მოდიან თბილისის მერობის კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი — 31,4 ათასი ლარი და ერთ-ერთი მაჟორიტარული კანდიდატი გულო ზუმბაძე — 15,5 ათასი ლარი.
პარტიები ვალდებული არიან მონიტორინგის სამსახურს თავიანთი შემოსავლების, მათ შორის შემოწირულობების შესახებ სრული ანგარიში წარუდგინონ. შემოწირულობის თანხა ფიზიკური პირისგან არ უნდა აღემატებოდეს 60 ათას ლარს წელიწადში, ხოლო იურიდიული პირისგან — 120 ათას ლარს.
საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.