თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველომ, 2018-2019 წლებში, შესაძლოა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილე ბენედიქტ ფრანკესთან სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე.
კერძოდ, განიხილება შესაძლებლობა, მიუნხენის კონფერენციის პროგრამაში ღონისძიებების სახით ჩასართავად გამოყენებული იყოს "საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია", ან "საქართველოს ევროპული გზა", ნათქვამია მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის განცხადებაში.
აღნიშნული შესაძლებლობა პირველად საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის ვოლფგანგ იშინგერის შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში ყოველწლიურად მონაწილეობს. გლობალურ ფორუმზე, რომელიც მიუნხენში 2018 წლის თებერვალში გაიმართება, გიორგი კვირიკაშვილმა მოსაწვევი უკვე მიიღო.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რამდენიმე ათწლეულია, უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე მსჯელობისთვის უმნიშვნელოვენეს გლობალურ ფორუმს წარმოადგენს.
ყოველი წლის თებერვალში, კონფერენცია, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემებზე მსჯელობის მიზნით, თავს უყრის მსოფლიო ლიდერებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ბიზნესის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.