საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

© Ministry of Defence of Georgiaლევან იზორია და ზაკირ ჰასანოვი
ლევან იზორია და ზაკირ ჰასანოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოში გენერალური შტაბის უფროსების სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში იმყოფება.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში სამმხრივი ურთიერთობის ფორმატში დადებითი დინამიკა შეინიშნება და იმედი გვაქვს, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოში გენერალური შტაბის უფროსების სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში იმყოფება.

შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, რაც რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებასა და შენარჩუნებას უწყობს ხელს.

გარდა ამისა, საუბარი ასევე შეეხო ერთობლივ სწავლებებსა და სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებსაც და საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობასაც. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

„ჩვენ სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს. ჯერ კიდევ მაისში, ბათუმში მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გაააქტიურონ ჩვენი სამხედროების სხვადასხვა ფორმატის ერთობლივ სწავლებებში ჩართულობა. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ წელს ჩვენი სამხედროები მონაწილეობდნენ ერთობლივ სწავლებებში ივნისში, შემდეგ კი სექტემბერში“, — განაცხადა იზორიამ.

მისი თქმით, საქართველოს აქვს სურვილი, რომ ასეთი დინამიკა გაგრძელდეს და მომავალში კიდევ მეტად ინტენსიური გახდეს.

თურქეთის სამხედრო ხომალდი - Sputnik საქართველო
ქართველმა და თურქმა მესაზღვრეებმა ერთობლივი საზღვაო სწავლება ჩაატარეს

ლევან იზორიამ ზაკირ ჰასანოვს ასევე მადლობა გადაუხადა აგვისტოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური დახმარებისთვის.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანას  სამხედრო სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გააჩნია და ხაზი გაუსვა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების „მაღალ დონეზე განვითარებას“.

საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა 2012 წლიდან გააქტიურდა, როდესაც სამმხრივი ფრომატის ტრადიციული მინისტერიალის ჩატარებას ჩაეყარა საფუძველი. მინისტერიალი მორიგეობით იმართება სამივე ქვეყანაში და მასზე სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილება.

ყველა ახალი ამბავი
0