თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. კიევში, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი კობა ნაყოფია დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, კობა ნაყოფია ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს და მიზეზების გამნმარტების გარეშე, მისი დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ნაყოფია ჩემი თანამოაზრეა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომელიც მე შევქმენი და მისი საპატიო თავმჯდომარე გახლავართ", — დაწერა სააკაშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები უკრაინაში მესაზღვრეების შავ სიაში იანუკოვიჩმა ჯერ კიდევ 2013 წელს შეიყვანა.
მიხეილ სააკაშვილი აქვეყნებს ოქმის ფოტოს, რომელიც „ბორისპოლის" აეროპორტში კობა ნაყოფიას დეპორტაციასთან დაკავშირებით შედგა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მონიტორინგის ცენტრი — მედიატორის" მიერ თებერვალში ჩატარებული კვლევების მიხედვით, კობა ნაყოფია მილიონერ-პარლამენტართა სიაში მოხვდა. რვა მილიონი ლარით ის პარლამენტის მილიონერ-დეპუტატებს შორის მეცხრე ადილზე აღმოჩნდა.