საქართველო და ევროკავშირი თანამშრომლობის ახალ დონეზე გადადიან

© photo: Sputnik / Stringerევროკავშირის დროშები თბილისში
ევროკავშირის დროშები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგი დაიწყო

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. მიმდინარე წლის 28 მაისიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტების განსახორციელებლად ვიზები გააუქმა.

თამარ ხულორდავა და საჯად კარიმი - Sputnik საქართველო
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციამ მთავრობას რეკომენდაციები მისცა

ამიერიდან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ახალ დონეზე გადადის. ორ მხარეს შორის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგი დაიწყო.

სამუშაო შეხვედრაში ევროკავშირის მხრიდან მონაწილეობდა საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ჟან-კრისტოფ ბელიარდი, ხოლო ქართული მხრიდან დიალოგში მონაწილეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი.

საქმიანი სხდომის დაწყების წინ ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიმართა.

„იმედი გვაქვს, რომ უფრო მჭიდრო თანაქმედების გზით, ჩვენ შევძლებთ უკეთესად დავინახოთ საკუთარი ადგილი ევროპის უსაფრთხოების საერთო არქიტექტურაში და უფრო ეფექტიანად შევიტანოთ წვლილი ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებაში“, — აღნიშნა ჯანელიძემ.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივა ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია შემდგომშიც ითანამშრომლოს საქართველოსთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე.

ევროკავშირისა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში წევრობის პერსპექტივების აღიარებას ითხოვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირთან სტრატეგიული დიალოგის დაწყება აღნიშნა. მთავრობის მეთაურმა ამას მთავარი მიღწევა უწოდა,  რომლითაც საქართველო პრაქტიკულად ევროპის უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ხდება.

პრემიერის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ახალი ამბავი, რომელიც ძალიან დიდი ხნის მიზანმიმართული მუშაობის შედეგია.

„რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არის უდიდესი პატივი და ამავე დროს პასუხისმგებლობა. ეს ასევე არის უპრეცედენტო ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან და ადასტურებს ევროპის მხრიდან საქართველოს მიმართ დიდ ინტერესსა და საქართველოს როლს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. რა თქმა უნდა, ამ დიალოგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და მისი მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძიება“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

გარდა ამისა, მხარეები ითანამშრომლობენ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ბრძოლა ტერორიზმთან, რადიკალიზმთან, ექსტრემიზმმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან. 

2009 წელს საქართველო გახდა პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ მონაწილე, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირთან ექვსი სახელმწიფოს — აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, მოლდოვის, უკრაინისა და ბელორუსის პოლიტიკურ ასოცირებულ და ეკონომიკურ დაახლოებას.

2010 წელს ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ ევროკომისიას ასოცირების ორმხრივი შეთანხმებების შესახებ მოლაპარაკებათა წარმართვაზე მანდატი გადასცა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0