თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი დავით თარხან-მოურავი მიიჩნევს, რომ არსებობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩასვლის პერსპექტივა მოლაპარაკებების ჩასატარებლად.
ოპოზიციონერები, რომლებიც გასულ კვირაში რუსეთში იმყოფებოდნენ და შეხვედრები გამართეს რუს დეპუტატებთან, მხარს უჭერენ ოფიციალური თბილისის დიალოგს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებებთან. მოსკოვში შეხვედრები გამართეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ადა მარშანიამ, გიორგი ლომიამ და ნატო ჩხეიძემ.
„სოხუმში და ცხინვალში ვიზიტის პერსპექტივა ნამდვილად არსებობს", — განაცხადა თარხან-მოურავმა თანაპარტიელების ვიზიტის დასრულების შემდეგ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ოპოზიციას ბერკეტები არ გააჩნია, ამიტომ პირდაპირი დიალოგი საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აწარმოოს.
„არ შეიძლება მე სადმე ჩავდიოდე და ვლაპარაკობდე იმაზე, რისი ბერკეტიც მე არ გამაჩნია… ეს პარტიული საკითხი არ არის. საუბარია სამშობლოზე. ამიტომ ამ ვიზიტების არსი ისაა, რომ მომავალი ხელისუფლება, საბოლოოდ, ამ პროცესში ჩაერთოს", — განაცხადა თარხან-მოურავმა.
მოსკოვში რუს კოლეგებთან შეხვედრებზე საუბარი იყო საქართველო-ნატო-რუსეთის ახალი პოლიტიკური ფორმატის შექმნასა და თბილისში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებაზე. როგორც უფრო ადრე ადა მარშანიამ განაცხადა, კონფერენციაზე საუბარი უნდა შეეხოს უსაფრთხოებას, თავდაუსხმელობის გარანტიებსა და საზღვრების უცვლელობას.
„საქართველოში უნდა გაიმართოს კონფერენცია — უნდა მოვიწვიოთ რუსი და ამერიკელი კონგრესმენები — რომელზეც განხილვის მთავარი საკითხი იქნება თავდაუსხმელობა და საზღვრების საკითხი. რუსეთი ასეთ ფორმატზე თანახმაა. ეს ფორმატი, სულ ცოტა, კოლექტიური გარანტიების შესახებ შეთანხმების მიღწევის საშუალებას მოგვცემს", — აღნიშნა თარხან-მოურავმა.
ბოლო სამ თვეში ქართველი დეპუტატების ეს უკვე მეორე ვიზიტია მოსკოვში. ივლისის შუა რიცხვებში ქართველმა ოპოზიციონერებმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებთან გამართეს შეხვედრები და მათთან პარლამენტთაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.
ოპოზიციონერები, რომლებსაც საქართველოს პარლამენტში 150-დან 6 ადგილი უჭირავთ, რუსეთში საკუთარი ინიციატივით დადიან.
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიების და ასევე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში არის შენარჩუნებული.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. ამჟამად ეს საქართველოს წარმომადგენლებსა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატია. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.