ფილოლოგიის დოქტორი მაკა სალია — დუზჯეს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. შეგახსენებთ, დუზჯე ქართველებისთვის, პირველ რიგში, იმითაა საინტერესო, რომ აქ დიდი რაოდენობით ცხოვრობენ მუჰაჯირ ქართველთა შთამომავლები, რომლებიც ქალბატონი მაკას სტდენტებს შორისაც არიან. 2013 წელს დუზჯეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა გაიხსნა. დუზჯე პირველია, სადაც ქართული ენის სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდა. თავის დროზე ქალბატონმა მაკამ პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის რეკომენდაციით მიმართა დუზჯეს უნივერსიტეტს, საიდანაც თანამშრომლობაზე დასტური მალე მიიღო. მას შემდეგ ის ამ უნივერისტეტის სტუდენტებისთვის საყვარელ ლექტორად იქცა, მისი ინიციატივით უნივერსიტეტის დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი და ღონისძიება ჩატარდა. რაც მთავარია, მისი წყალობით მუჰაჯირი ქართველების შთამომავლები ქართულად ალაპარაკდნენ და, შეიძლება ითქვას, საკუთარ ფესვებსაც დაუბრუნდნენ… მას ანკარაში დავუკავშირდით.
– ქალბატონო მაკა, დუზჯე ჩვენთვის იმითაა საინტერესო, რომ აქ მუჰაჯირი ქართველების შთამომავლები ცხოვრობენ…
— ჯერ გეტყვით, რომ დუზჯეს პროვინცია მდებარეობს თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში. პროვინციის ცენტრალურ ქალაქსაც დუზჯე ჰქვია. დუზჯე მრავალმხრივ საინტერესოა ჩვენთვის, ქართველებისთვის. პირველ რიგში იმით, რომ აქ მართლაც დიდი რაოდენობით ცხოვრობენ მუჰაჯირ ქართველთა შთამომავლები, რომლებმაც მიუხედავად ისტორიული ქარტეხილებისა დღემდე შემოინახეს დედაენა და იდენტობის შესანარჩუნებლად იბრძვიან. სწორედ მათი ძალისხმევით, მონდომებით, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობით, 2013 წელს დუზჯეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა გაიხსნა. რა თქმა უნდა, ეს იყო თურქეთის სახელმწიფოს კეთილი ნება, თურქეთ-საქართველოს კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობის დასტური.
– მართალია, რომ სტუდენტები დედას გეძახიან?
— მართალია, მეძახიან… მოხდა ისე, რომ პირველ წელს ქართულის მიმართულებაზე ლექტორი მარტო მე ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ამ საშვილიშვილო საქმის სათავეში ძირძველი ქართველები დგანან, ჯგუფში თითო-ოროლა ეთნიკური ქართველი გვყავს, დანარჩენები არაქართველები არიან… პირველ კურსზე 11-მა სტუდენტმა ჩააბარა. ამათგან ორი იყო ეთნიკურად ქართველი და რამდენიმე სიტყვა იცოდნენ ქართულად. მათთან ძალიან ბევრს ვმუშაობდი მეთოდური კუთხით, რომ მოტივაცია არ დაკარგვოდათ; შაბათ-კვირასაც ან სახლში ვიბარებდი, ან ერთად გავდიოდით სადმე; ფაქტობრივად სულ მათთან ვიყავი. ისე შემომეჩვივნენ, დედას მეძახდნენ. ყოველ დაძახებაზე კი თვალები ცრემლით მევსებოდა, სიტყვები ყელში მეჩხირებოდა. ისე მომიწია წამოსვლა, რომ დედა ორი კვირის გარდაცვლილი მყავდა. ასე მგონია, ის დიდი ტკივილიც ამ გზამ, ამ საქმემ, ამათმა სიყვარულმა გადამატანინა. ვიცოდი, რომ უნივერსიტეტის წინაშე და უფრო ჩვენი ქართველების წინაშე პასუხისმგებელი ვიყავი და პირადი განცდების დროც აღარ იყო…
– უნივერსიტეტში, სადაც თქვენ ასწავლით, ქართული გარემო ყოფილა…
— ასეა. ჩვენი ქართველები ძალიან ბედნიერი იყვნენ იმით, რომ უნივერსიტეტში ქართული გარემო იქმნებოდა; მოდიოდნენ და მადლიერების ნიშნად თავიანთ მეხსიერებას შემორჩენილი ქართული სიტყვებით გვლოცავდნენ: „გამჩენმა გაგახაროსნა, ღმერთმა აგაფრინოსნა“ – ძალიან ემოციური იყო მათთან ყოველი შეხვედრა, მათგან გაგონილ ქართულს სხვა ძალა და მადლი აქვს; ეს ემოციები დღემდე არ მინელდება. დიდი სევდაა მათ თვალებში ჩაგუბებული, და მაინც უსაზღვრო სითბოთი და სიყვარულით გავსებენ. თუმცა მთლად სწორი არ ვარ, როცა ვამბობ, რომ მარტო ვიყავი. არა, მე არ ვიყავი მარტო, რადგან ჩემ გვერდით ყოველთვის იყვნენ ეს გულიანი, საამაყო ქართველები, ასეა დღემდე. მე მათგან ძალიან დიდ სითბოს, სიყვარულს, პატივისცემას ვიღებ, მათი სიკეთე ყოველ ნაბიჯზე დამყვება… თითოეულ მათგანს ძალიან ახლობლად ვთვლი. გამორჩეულადაც მყავს რამდენიმე ოჯახი, სადაც როგორც საკუთარ სახლში ისე მიმიხარია. ვიცი, რომ მათაც ძალიან ვუყვარვარ. ქართველურად მმასპინძლობენ. ბოლო დროს მსაყვედურობენ — ხშირად არ მოდიხარ, „დაგვაბიწყდა ჩვენებურაი, შენ თუ არ მოხველ, არ ვლაპაიკობთო…“ დიახ, ეს იყო ოთხი წლის წინ. ჩვენ გამოვიარეთ ძალიან საინტერესო ოთხი წელი. დუზჯეს უნივერსიტეტში ხარისხიანი სწავლებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს…
– მართალია, რომ თქვენი რექტორი, ნიგარ დემირჯან ჩაქარი ეთნიკურად ქართველია?
— დიახ, ჩვენი რექტორი, ქალბატონი ნიგარ დემირჯან ჩაქარი ეთნიკურად ქართველია, რაც ძალიან საამაყოა თითოეული ქართველისთვის. მისი ნიჭით, შრომით უნივერსიტეტმა ბევრ წარმატებას მიაღწია, მისი მხარდაჭერა ფაქტია და იგივე შემიძლია ვთქვა წინა რექტორზეც, ქალბატონ ფუნდა სივრიქაია შერიფოღლუზეც, რომლის რექტორობის პერიოდში გაიხსნა ჩვენი განყოფილება. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ჩვენთან ძალიან მეგობრული, თბილი გარემოა. ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე საინტერესო პროექტი, ვატარებთ ღონისძიებებს, მონაწილეობას ვიღებთ საუნივერსიტეტო და საერთაშორისო კონფერენციებსა თუ სიმპოზიუმებში და ეს ყველაფერი უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხდება. ქართული ენის სპეციალობები, დუზჯეს გარდა, ფუნქციონირებს ყარსის, არდაჰანისა და რიზეს უნივერსიტეტებში. მაგრამ დუზჯე პირველია, სადაც ქართული ენის სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდა. წელს გვყავდა საბაკალავრო პროგრამის პირველი გამოშვება და მორიგი მნიშვნელოვანი წარმატება ის არის, რომ წელსვე დაგვიმტკიცდა სამაგისტრო პროგრამა.
ჩვენ განყოფილებაში მოღვაწეობენ პროფესორები – ქალბატონი ნანა კაჭარავა, ქალბატონი შორენა ლომაია, ხელოვნებათმცოდნე, ქართველოლოგიის დოქტორანტი ქართულ უნივერსიტეტში, ბატონი ფევზი ჩელები. ჩვენი განყოფილების წარმატება ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგია. ბატონი ფევზი დუზჯელი ქართველია, რომელსაც სხვა ქართველებთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის ამ სპეციალობის გახსნაში. გარდა ამისა, ის დიდი ხანია მუშაობს თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველთა საკითხებზე და ამასთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო სტატია აქვს დაბეჭდილი თურქულენოვან ჟურნალებში.
დატვირთულ სასწავლო პროცესთან ერთად ჩვენ ვახორციელებთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს. ქართული სახელმწიფო ენის დღის ღონისძიებათა ფარგლებში ვატარებთ „ქართული კალიგრაფიის კონკურსს”; ვატარებთ სტუდენთა სამეცნიერო კონფერენციებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი, რომელიც მიეძღვნა შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს.
– ანკარაში არსებული საქართველოს საელჩო თუ იღებს მონაწილეობას თქვენ მიერ გამათულ ღონისძიებებში?
— ჩვენი საელჩო აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტთან. საქართველოს ელჩი, ბატონი ირაკლი კოპლატაძე და მისი მეუღლე, ხელოვნებათმცოდნე ქალბატონი ირინე გივიაშვილი ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო და ძვირფასი სტუმრები არიან, მათი ვიზიტი ყოველთვის მაღალ დონეზე იმართება, რაც ძალიან გვახარებს. ზემოთ „ქართული კალიგრაფიის კონკურსი” ვახსენე, კონკურსში გამარჯვებულთათვის ორიგინალური საჩუქარი აქვს დაწესებული საქართველოს საელჩოს. სტუდენტებისთვის დიდი პატივია, რომ ამ საჩუქრებს გამარჯვებულებს თავად ბატონი ირაკლი გადასცემს. ისინი გვეხმარებიან ქართული ბიბლიოთეკის მოწყობაში. ამგვარი მხარდაჭერა ახლადგახსნილი ქართული განყოფილებისთვის მეტად მნიშვნელოვანია.
– ვიცი, რომ თქვენი მეუღლეც მუჰაჯირ ქართველთა შთამომავალია…
— დიახ, ის ძალიან კარგი და საინტერესო ადამიანია, რომელიც მუდმივად თავისი ფესვების, წარსულის ძიებაშია. მისი თურქული გვარი არის ბეშიროღლუ. მისივე ახსნით, ეს გვარი მომდინარეობს „ქეშიშ“ სიტყვიდან, რაც ქართულად ბერს ნიშნავს. მათი წინაპარი სასულიერო პირი ყოფილა და ეს გვარიც აქედან მიუღიათ… ნამდვილი, ქართული გვარი კი ვაწაძეა. მისი წინაპრები მაჭახელადან გადმოსულან ამასიაში, შემდგომ ანკარაში… ჩვენ ფაქტობრივად დუზჯეში ვცხოვრობთ. დუზჯე და მისი ქართული სოფლები ლანდშაფტით, თვალწარმტაცი ბუნებით ძალიან ჰგავს აჭარას. არც ესაა შემთხვევითი, როგორც ამბობენ, მუჰაჯირი ქართველები შეგნებულად ირჩევდნენ თურმე ასეთ ადგილებს, რომლებიც მათ საქართველოს მოაგონებდათ… დღეს ჩვენც ეს გარემო და საქმე, რომელსაც ვემსახურებით, გვიმსუბუქეს სამშობლოსგან სიშორეს და მისი მონატრების წყურვილს. და, მაინც, ეს სიშორე მხოლოდ ფიზიკურია, რადგან საქმით და ფიქრით მაინც იქ ვართ, ეს ხომ ქართული ბუნებაა, რომელიც თითოეულ ქართველში მძაფრადაა…