მეფეო, მე ახლა უფრო დიდი ვარ, ვიდრე თქვენ, რადგან არაფერი მსურს...

გამოწერა
ბოროდინოს ველზე მებრძოლი 12 ქართველი გენერლიდან ყველას საინტერესო ბიოგრაფია აქვს, ბევრ მათგანს ერთმანეთთან სისხლით ნათესაობა აკავშირებდა – ძმები პეტრე და რევაზ ბაგრატიონები, ბიბილურები, ლაშქაროვები, იაშვილები, ჯავახიშვილები, ფანჩულიძეები...

ამჯერად შევჩერდები ძმებ ვლადიმერ და ლევან იაშვილებზე, რადგან თავად ის ფაქტი, რომ ერთი მათგანი იმპერატორის მკვლელობაში მონაწილეობდა, უკვე ძალიან მიმზიდველად მომეჩვენა.

ძმები ლევან (ლევ) და ვლადიმერ იაშვილები სულ პატარები ჩავიდნენ რუსეთში, მიიღეს სამხედრო განათლება და ცნობილი ოფიცრები გახდნენ. უმცროსმა – ლევანმა არტილერიის კადეტთა კორპუსი დაამთავრა, ომობდა ბალკანეთში, პოლონეთში, პრუსიასა და საფრანგეთის ჯარების წინააღმდეგ, უამრავი სამხედრო ჯილდო დაიმსახურა და არტილერიის გენერლის წოდებით დაასრულა სამხედრო კარიერა. რაც შეეხება ვლადიმერ იაშვილს, იგი გვარდიის ოფიცერი იყო და პეტერბურგის გარნიზონში პოლკოვნიკის რანგში მსახურობდა.

© National Library of Georgiaვლადიმერ იაშვილი
ვლადიმერ იაშვილი - Sputnik საქართველო
ვლადიმერ იაშვილი

სწორედ აქ მოხდა ფაქტი, რის გამოც, ზოგი ისტორიკოსის აზრით, მან შური იძია იმპერატორზე. პავლე პირველი, გაუწონასწორებელი და საოცრად ეჭვიანი კაცი ყოფილა, მთელი ცხოვრება ცდილობდა დაედგინა ვინ იყო მისი ნამდვილი მამა. ერთხელ პეტერბურგში სტუმრად ჩასულ პოლონეთის მეფეს სტანისლავ პონიატოვსკისაც კი ჰკითხა – თქვენო უდიდებულესობავ, თქვენ ხომ არა ხართ ჩემი მამაო. ეს საკითხი ბევრ მკვლევარსაც აინტერესებდა, თუმცა მაშინ დნმ-ის ანალიზი, მოგეხსენებათ, არ არსებობდა და პავლეს მამის ვინაობის დადგენაც ვერ მოხერხდა. პავლე ჯოხით მართავდა რუსეთს და ამ ჯოხს ხშირად ოფიცრებსაც ურტყამდა, ერთხელ ამის მსხვერპლი თითქოს ვლადიმერ იაშვილიც გამხდარა. თავისი ოჯახისთვის ხომ ნამდვილი დესპოტი იყო. დედოფალს მონაზვნად აღკვეცას უპირებდა, უფროს ვაჟებს — ალექსანდრესა და კონსტანტინეს — დაპატიმრებას, მინისტრებს — ცემა-ტყეპით გარეკვას. ხშირად ლაპარაკობდა შორეულ ინდოეთში ლაშქრობაზე.
— აი, მაშინ კი ვიცხოვრებთ მე და შენ ძმურად! — უთხრა მასთან ყველაზე დაახლოებულ პირს, გრაფ ივან ქუთაისოვს. ეს სწორედ ის ქუთაისელი ბიჭი ივანე კიკიანია, რომელიც შემდეგში გრაფ ქუთაისოვად სწორედ პავლემ მონათლა და რომლის შვილიც, გენერლის ჩინით, ბოროდინოს ველზე დაიღუპა.

ალექსანდრე ქუთაისოვი (კიკიანი) - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ქუთაისოვ-კიკიანი - ნიჭიერი ქართველი უცხო ქვეყნის სამსახურში...

რა გასაკვირი იყო, რომ მომზადდა შეთქმულება ამ პარანოიით დაავადებული მეფის თავიდან მოსაშორებლად. შეთქმულებას ხელმძღვანელობდნენ პეტერბურგის გენერალ-გუბერნატორი, გრაფი პალენი და ცნობილი საბრძოლო გენერალი ბენიგსენი.
ტახტის მემკვიდრე ალექსანდრე საქმის კურსში იყო. მას არწმუნებდნენ, რომ მეფეს არაფერს დაუშავებდნენ, უბრალოდ, გადააყენებდნენ და ახალი იმპერატორი ალექსანდრე წესრიგს დაამყარებდა დესპოტური მმართველობის ნაცვლად. თითქოს ყველაფერი კეთილად უნდა დასრულებულიყო, მაგრამ… მკვლელობის აღწერას არ შევუდგები, გეტყვით მხოლოდ, რომ ყველა მკვლევარი პავლეს უშუალო მკვლელად პოლკოვნიკ ვლადიმერ იაშვილს ასახელებს. სხვათა შორის, ძმებს რუსეთში არა იაშვილებად არამედ Яшвиль-ებად მოიხსენიებდნენ. როგორც მოგახსენეთ, მომავალმა იმპერატორმა ალექსანდრემ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ისე იქცეოდა, თითქოს არაფერ შუაში იყო, ამიტომაც შემდეგში „ცბიერი ბიზანტიელის" სახელიც დაიმსახურა. ქვეყნის საკეთილდღეოდ და მდგომარეობის გამოსასწორებლად თითი თითზე არ დაუკარებია. პავლეს მკვლელობიდან ერთი საუკუნის შემდეგ, 1909 წელს ჟურნალმა "რუსკაია სტარინამ" გამოაქვეყნა ვლადიმერ იაშვილის წერილი ახალი იმპერატორის ალექსანდრე პირველისადმი. ამ წერილის შინაარსი მთელი საუკუნის მანძილზე ცნობილი იყო მეცნიერებისთვის, დაბეჭდვას კი ვერავინ ბედავდა, რადგან ცხადი გახდა შეთქმულთა შემდგომი დევნის მიზეზები. წერილში ვლადიმერი პირადად ადანაშაულებს შვილს მამის მკვლელობაში: „…ადამიანს, რომელმაც რუსეთისათვის თავი გასწირა, შეუძლია თქვენ ასე გითხრათ. მე ახლა უფრო დიდი ვარ, ვიდრე თქვენ, იმიტომ რომ არაფერი მსურს, არაფერს მოვითხოვ… მეფეო! მე ხელმწიფისათვის, სამშობლოსათვის ვარ, შვილისათვის კი — მამის მკვლელი!" სანქციებმაც არ დააყოვნა – 1803 წელს მას თანამდებობა დაატოვებინეს და პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ თავის სოფელ მურომცევოში (კალუგის გუბერნია) გადაასახლეს…

© National Library of Georgiaლევან იაშვილი
ლევან იაშვილი - Sputnik საქართველო
ლევან იაშვილი

1812 წელს, როცა რუსეთს ნაპოლეონი შემოესია, ვლადიმერ იაშვილი შინ გულხელდაკრეფილად ჯდომას არ აპირებდა. იაშვილმა თხოვნით მიმართა გენერალ შეპელევს, უფლება მიეცათ ფრანგების წინააღმდეგ საბრძოლველად კალუგის გუბერნიაში რაზმი ჩამოაყალიბებინა და ბრძოლაში ჩაება. მცირე ხნის მანძილზე მან დიდი წარმატება მოიპოვა ელნიასთან ბრძოლითა და მისი გათავისუფლებით. ომში მისი მონაწილეობა სულ 45 დღე გაგრძელდა. კუტუზოვი მას დიდად აფასებდა და პირადად ჯილდოც გაუგზავნა. თუმცა ეს ამბავი იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გაიგო და სასტიკად განრისხდა. მან უბრძანა კუტუზოვს, დაუყოვნებლივ ჩამოეშორებინა მისი მამის მკვლელი სამხედრო მოქმედებებისგან და დაებრუნებინა გასახლების ადგილზე. ეს ბრძანება 1812 წლის 31 ოქტომბერს შესრულდა კიდეც. 1815 წელს ვლადიმერ იაშვილი 50 წლისა გარდაიცვალა მურომცევოში.
ამასობაში უმცროსი ძმა ლევანი დიდ წარმატებებს აღწევს. 1813 წელს დაინიშნა მთავარი მოქმედი არმიის არტილერიის უფროსად და მონაწილეობდა რუსეთის არმიის საზღვარგარეთის ლაშქრობებში. იბრძოდა ლიუცენთან, ბაუცენთან. 1816 წელს დაინიშნა პირველი არმიის არტილერიის უფროსად და 17 წლის განმავლობაში ამ თანამდებობაზე იყო. 1832 წლიდან სამხედრო საბჭოს წევრი იყო. 1833 წლიდან თადარიგში გავიდა. დაჯილდოებული იყო რუსეთისა და უცხოეთის მრავალი ორდენით. გარდაიცვალა და დაკრძალულია კიევში, ვიდუბიცკის მონასტერში.

CC0 / Wikipedia / Kamelot / The Grave of Lev Yashvilლევან იაშვილის საფლავი
ლევან იაშვილის საფლავი - Sputnik საქართველო
ლევან იაშვილის საფლავი

ასეთი გახლდათ ორი ძმა იაშვილის თავგადასავალი, ერთის დამამცირებელი გადასახლებით და მეორის ფუფუნებითა და ჩინ-მედლებით დახუნძლული დასასრულით.

ყველა ახალი ამბავი
0