თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალ მოსამართლედ აირჩია, ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ჭანტურია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ ცხრა წლით აირჩიეს. ის მოვალეობის შესრულებას არაუგვიანეს სამი თვის შემდეგ შეუდგება.
ჭანტურია ამ თანამდებობაზე საქართველოდან წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი იყო. მის გარდა კანდიდატები იყვნენ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი და მოქმედი მოსამართლეები ოთარ სიჭინავა და ლალი ფაფიაშვილი.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს სპეციალური კომისია არჩევდა. კომისიას თავმჯდომარეობდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
საქართველოდან მოსამართლის შერჩევა მეორე მცდელობით მოხდა. განმეორებითი კონკურსი საქართველოს მთავრობამ 20 თებერვალს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც იანვარში წარდგენილი კანდიდატთა სამკაციანი სია ევროპის საბჭომ უარყო. საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის პოსტზე წარდგენილი იყვნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სტრასბურგის სასამართლოს თანამშრომელი გიორგი ბადაშვილი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე.
ამჟამად საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორიაა, რომლის უფლებამოსილების ვადა უკვე ამოიწურა. ახალი მოსამართლის უფლებამოსილების ძალაში შესვლამდე მის მოვალეობებს წოწორია შეასრულებს.