თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. პარტია „ახალი ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გოჩა ჯოჯუამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის სასარგებლოდ, თბილისის მერობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ოპოზიციური პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატია.
„ჩემი კანდიდატურა წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით იყო დაყენებული ამ არჩევნებში. ხმების წართმევას ირმა ინაშვილისთვის ნამდვილად არ ვფიქრობდი, მით უმეტეს, რომ პარლამეტში მასთან აპარატის უფროსად ვმუშაობ. როცა კანდიდატურის მოხსნის ვადა დადგა, მოვხსენი", — განუცხადა გოჩა ჯოჯუამ „Sputnik საქართველოს".
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გოჩა ჯოჯუას პარტია ბლოკში "პატრიოტთა ალიანსთან" გაერთიანდა. არჩევნების შემდეგ ჯოჯუამ საქართველოს პარლამენტში „პატრიოტების" ფრაქციის აპარატის უფროსის პოსტი დაიკავა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის მერობის კანდიდატები, გარდა ირმა ინაშვილისა, არიან კახა კალაძე, ზაალ უდუმაშვილი, ელენე ხოშტარია, ალეკო ელისაშვილი და თენგო შერგელაშვილი.