თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერობის კანდიდატებს შორის მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელი კახა კალაძე ლიდერობს. ასეთია ტელეკომპანია Rustavi2–ს დაკვეთით ამერიკული კომპანია Edison Research–ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები.
პირდაპირი ინტერვიუს გზით სულ გამოიკითხა თბილისში მცხოვრები და ხმის მიცემის უფლების მქონე 1,2 ათასი ადამიანი.
კითხვაზე „თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას", 34%–მა უპასუხა, რომ კალაძეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა და დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა ხმების ერთნაირი რაოდენობა დააგროვეს – 14%. შემდეგ მოდის ელენე ხოშტარია (ბლოკი „ბოკერია, უგულავა – ევროპული საქართველო") – 5%.
ხმათა 2–2% აქვთ ირმა ინაშვილსა („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი") და გიორგი გუგავას („საქართველოს ლეიბორისტული პარტია").
თითო–თითო პროცენტი აქვთ კახა კუკავას (ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო"), გიორგი ვაშაძეს (ბლოკი „გიორგი ვაშაძე: ერთიანობა – თავისუფალი საქართველო") და თენგიზ შერგელაშვილს („შენების მოძრაობა").
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება. მოქალაქეები აირჩევენ ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს.