თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში 11 ოქტომბერს დინა ოგანოვას ფოტოგამოფენა „გოგონები მომავლიდან“ გაიხსნება, რომელიც გოგონების საერთაშორისო დღეს ეძღვნება.
ღონისძიება იმართება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ.
დინა ოგანოვას ფოტოპროექტი „გოგონები მომავლიდან“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 10-დან 16 წლამდე გოგონების ისტორიებს გვიამბობს. მათი ცხოვრება ოგანოვამ როგორც ფოტოების, ასევე ტექსტების მეშვეობით აღბეჭდა.
პროექტის მიზანია, საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ გოგონების პოტენციალის სრულფასოვან რეალიზებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარებისთვის.
დინა ოგანოვას ფოტოპროექტი „გოგონები მომავლიდან“ ნაწილია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის საადვოკაციო სამუშაოსი, რომელიც ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრისა და მოზარდებისა და ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვისთვის იბრძვის.
გამოფენა 2017 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით გასტანს.
დინა ოგანოვა ახალგაზრდა დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია, რომელიც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობს და სხვადასხვა გრძელვადიან პროექტზე მუშაობს. დაიბადა 1987 წლის 26 დეკემბერს თბილისში.
2006 წელს დაამთავრა იური მეჩითოვის ფოტოგრაფიის კურსი. სოროსის ფონდის გრანტის მფლობელი ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის, ავღანეთის, პაკისტანისა და მონღოლეთის ფოტოგრაფებისთვის. 2013 წელს მონაწილეობდა The Joop Swart Masterclass-ში, რომელიც World Press Photo-ს მიერ იყო ორგანიზებული. მისი ნამუშევრების გამოფენები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არაერთხელ გამართულა.
დინა მონაწილეობდა ისეთ კინოპროექტებში, როგორებიცაა გიორგი ფარაჯანოვის ფილმი „ყველა წავიდა“ (2012), რეზო გიგინეიშვილის „მძევლები“ (2016).
დინა ოგანოვას ფოტოპროექტები: „მე — საქართველო“, „ჩემი სივრცე“, „გაყინული ტალღები“ გამოფენილი იყო იტალიაში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, პოლონეთში, გერმანიაში, თურქეთში, შვედეთში, დანიაში, ლიტვაში, უკრაინაში, ბანგლადეშში, კამბოჯაში, ეთიოპიაში, სინგაპურსა და საქართველოში. დინა ოგანოვას ეკუთვნის პირველი ქართული ხელნაკეთი ფოტოწიგნი „ჩემი სივრცე“, რომელიც სხვადასხვა მუზეუმის, მათ შორის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის კერძო კოლექციაში ინახება.
2016 წლიდან დინა ოგანოვა აქტიურად თანამშრომლობს UNFPA-ს საქართველოს ოფისთან.
გოგონების საერთაშორისო დღე (International Day of the Girl Child) გაერომ 2012 წელს დაარსა, აღინიშნება 11 ოქტომბერს. დღესასწაულის მიზეზი — ფოკუსირება სოციალურ პრობლემებსა და უთანასწორობაზე, რომელსაც გოგონები მთელ მსოფლიოში განიცდიან. ეს პრობლემები უშუალოდ უკავშირდება საზოგადოების დამოკიდებულებას ქალთა სქესის მიმართ. ამ პრობლემების რიცხვში შედის განათლების, სრულფასოვანი კვების, სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა, სოციალური უფლებები, დისკრიმინაციისგან, ძალადობისა და ბავშვთა ასაკში იძულებითი გათხოვებისგან დაცვა.