თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა 14 ადამიანი, რომლებიც თბილისის საკრებულოს შენობასთან საპროეტსტო აქციაზე დააკავეს, და სასამართლო მოსმენა დამატებითი სამხილების წარმოდგენამდე 17 ოქტომბრამდე გადადო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
სამშაბათს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოსთან აქცია გამართა, რომელზეც გააპროტესტეს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული კომპანიებისთვის ორი მიწის ნაკვეთის გადაცემა — პუშკინის სკვერთან და თაბორის მთაზე. აქცია ჩხუბში გადაიზარდა და 14 ადამიანის დაკავებით დასრულდა.
„ჩემი დაკავების მომენტამდე პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც თავის კოლეგებს ეხმარებოდა, წაიქცა. ფეხი დაუცდა და ინერციით წაიქცა. მე გავიწიე მის დასახმარებლად, რომ არავის არ დაებიჯებინა. იმ მომენტში, სავარუდოდ, მათ იფიქრეს, რომ მე წავაქციე ის, იმიტომ რომ 1,5 – 2 მეტრის მანძილით ვიყავი დაშორებული, და იმ მომენტში დამაკავეს. დაკავების მომენტში მირტყეს. ვინ მირტყამდა, არ ვიცი“, — განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა დაკავებულმა სოსო გურულმა გათავისუფლების შემდეგ.
მომიტინგეები დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობასა და წვრილ ხულიგნობას გულისხმობს, განუცხადა ჟურნალისტებს დაკავებულთა ადვოკატმა ივანე პეტრიაშვილმა.
ზოგიერთი დაკავებული პოლიციას მათდამი არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს, ასევე დარწმუნებულია, რომ მათ დაკავებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
„სუს-ის თანამშრომლები სპეციალურად ჰყავდათ მოყვანილები, პოლიციის კორდონის უკან იდგნენ ესენი, რომლებიც მომენტებში აქტიურდებოდნენ, გამოცვივდებოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ აქციის წევრებს, რამდენიმე აქციის წევრებს შეაფურთხეს, რომ გამოეწვიათ,“- განუცხადა ჟურნალისტებს კიდევ ერთმა დაკავებულმა ზურაბ ბერიაშვილმა.
ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი მერიის გადაწყვერილებას შპს „თბილისი სითისთვის" პუშკინის სკვერთან არსებული ტერიტორიის და შპს „თაბორი რეზორტისთვის" თაბორის მთაზე ტერიტორიის გადაცემის შესახებ. ეს კომპანიები პროექტ "პანორამა თბილისს" ახორციელებენ.
„პანორამა თბილისი" ითვალისწინებს ოთხი ახალი კომპლექსის — მსხვილი ტურისტული და ბიზნესცენტრის მშენებლობას: სოლოლაკის მაღლობი, სოლოლაკის ბაღები, თავისუფლების მოედანი და ერეკლე მეორეს მოედანი. ოთხივე ობიექტი ერთმანეთს საბაგირო გზებითა და შუშის ლიფტებით დაუკავშირდება.