თბილისში საქართველო-ირანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა

გამოწერა
შეხვედრაზე მხარეებმა ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, წყალმომარაგების, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო-ირანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.

საქართველოში ირანის კოოპერაციის, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი ალი რაბიი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დღეს ოფიციალურად გაიხსნა საქართველო-ირანის ეკონომიკური კომისიის მეექვსე სხდომა.

გარდა ამისა, გაიმართა ბიზნეს-ფორუმი, რომელშიც საქართველოსა და ირანის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებმა მიიღეს მინაწილეობა. შეხვედრაზე მხარეებმა ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, წყალმომარაგების, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

თბილისი - Sputnik საქართველო
გიორგაძე: საქართველო ირანისთვის ინვესტიციების ჩასადებად ხელსაყრელი ქვეყანაა

„ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ მესამე ბაზრებზე წვდომაში. ირანი არ არის საქართველოსთვის მხოლოდ 80-მილიონიანი ბაზარი, მისი საშუალებით შეგვიძლია უფრო ფართო რეგიონზე გავიდეთ, საქართველო კი პირდაპირ სთავაზობს ირანულ კომპანიებს, საქართველოში ერთობლივი საწარმოების შექმნის პირობებში, ისარგებლონ იმ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს შეიძლება იყოს ევროკავშირი და ყველა მეზობელი ქვეყანა", – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ალი რაბიისთან შეხვედრის დროს საუბარი შეეხო სატრანსპორტო დერეფნებსაც, რასაც ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ცენტრის განვითარების თვალსაზრისით.

2017 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 48%-ით გაიზარდა. ირანიდან იზრდება ტურისტული ნაკადებიც. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წლის 9 თვეში ირანიდან საქართველოში ვიზიტორების რიცხვი 127%-ით არის გაზრდილი.

საქართველომ და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 15 მაისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0