თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. 2017 წლის მეორე კვარტალში კვერცხის წარმოება შემცირდა, ნათქვამია „საქსტატის" მასალებში.
მეორე კვარტლის ბოლოს ფერმებსა და შინაურ მეურნეობებში 11,7 მილიონი ფრთა ფრინველი ფიქსირდებოდა, რაც გასული წლის მონაცემებზე 43 000-ით ნაკლებია. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ქათმის კვერცხის წარმოებამ 151,8 მილიონი ერთეული კვერცხი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან 7 მილიონით ნაკლებია.
მეორე კვარტლის ბოლოსთვის არსებული მონაცემების მიხედვით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 1 მილიონ სულს შეადგენდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,5%-ით ნაკლებია.
ამასთან ერთად, ფიქსირდება წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობის ნამატი — შარშანდელ მაჩვენებლებთან შედარებით ცხვრებისა და თხების სულადობა 5%-ით გაიზარდა და 1,2 მილიონ სულს შეადგენს. ღორების სულადობამ 194 600-ს მიაღწია, რაც შარშანდელ მაჩვენებელთან 10,4%-ით მეტია.
„საქსტატის" მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში წარმოებულია 28 100 ტონა ხორცი, 9%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. რძის წარმოება 4%-ით 283 მილიონ ლიტრამდე შემცირდა, ხოლო კვერცხის — 4%-ით 298 მილიონ ერთეულამდე.