თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. თორმეტი წლის გრიგოლ ყიფშიძე, რომელიც წელს საქართველოს "საბავშვო ევროვიზიაზე" წარადგენს, უკვე იწყებს გამარჯვებას.
რიგით მეთხუთმეტე "საბავშვო ევროვიზია 2017" 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. წლევანდელი კონკურსის სლოგანია "ანათე".
გრიგოლი გუშინ შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოდან გამარჯვებული დაბრუნდა. ის მონაწილეობდა საერთაშორისო კონკურსში Star's Voices. კონკურსში სულ მონაწილეობდა ცხრა ქვეყნის ექვსიდან 14 წლამდე 22 შემსრულებელი.
გრიგოლ ყიფშიძემ კონკურსზე მთავარი ჯილდო — გრან-პრი მოიპოვა.
"სცენაზე როცა გავედი და სიმღერა დავიწყე, ნერვიულობა მაშინვე გამიქრა. და როცა დავინახე ემოციები დარბაზში, მათ ჩემი სიმღერა ძალიან მოეწონათ, პირიქით, გავიხსენი და უფრო კარგად ვიმღერე. და საბოლოოდ გრან-პრი ავიღე", — განაცხადა ქართულ მასმედიასთან საუბრისას გრიგოლ ყიფშიძემ.
გრიგოლის პროდიუსერის, ბექა კარტოზიას თქმით, ყიფშიძემ კონკურსში შუა ასაკობრივ კატეგორიაში მიიღო მონაწილეობა და საუკეთესო აღმოჩნდა უძლიერესთა შორის. გრან-პრი 22 კონკურსანტიდან მხოლოდ ერთს გადაეცა.
რიგით მე-15 კონკურსის ჩატარების უფლება საქართველოს 2016 წლის ევროვიზიაზე 10 წლის მარიამ მამადაშვილის გამარჯვებამ მოუტანა. სიმღერით "მზეო" ქართველმა შემსრულებელმა 17 ქვეყნის წარმომადგენელს გაუსწრო და 239 ქულა მოიპოვა.
ამ ეტაპზე 2017 წლის კონკურსში მონაწილეობა დაადასტურეს საქართველომ, რუსეთმა, უკრაინამ, ავსტრალიამ, ალბანეთმა, სომხეთმა, ბელარუსმა, ირლანდიამ, კვიპროსმა, მალტამ, მაკედონიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, სერბეთმა, იტალიამ, უკრაინამ და ნიდერლანდებმა.