თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. დედაქალაქის მოსახლეობის მესამედი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს. ასეთია ქართული ტელეკომპანია Rustavi2-ის დაკვეთით ამერიკული კომპანია Edison Research–ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები.
პირდაპირი ინტერვიუს გზით სულ გამოიკითხა თბილისში მცხოვრები და ხმის მიცემის უფლების მქონე 1,2 ათასი ადამიანი.
კითხვაზე, „თბილისის საკრებულოს არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას", 36%-მა უპასუხა, რომ „ქართულ ოცნებას".
მეორე ადგილზე 12%–ით გავიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ხოლო მესამეზე 8%-ით – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის"
პირველ ხუთეულში შემდეგ ადგილზეა „საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – 5%, მას მოსდევს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 4%.
თითო–თითო პროცენტი აქვთ ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობას", „ახალ საქართველოსა" და „რესპუბლიკურ პარტიას".
გამოკითხულთა 15%–ს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას, 8%-მა პასუხზე უარი განაცხადა, ხოლო 9% არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება. მოქალაქეები აირჩევენ ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს.