თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს, მოლდოვის, უკრაინისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს ერთობლივი კომუნიკე სპეციალური სხდომის შედეგების მიხედვით, რომელიც თბილისში საერთასორისო ორგანიზაცია სუამის შექმნის 20 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და მისმა აზერბაიჯანელმა, მოლდოველმა და უკრაინელმა კოლეგამ — ელმარ მამედიაროვმა, ანდრეი გალბურმა და პავლო კლიმკინმა.
„დღეს ჩვენ არა მარტო შევაფასეთ განვლილი 20 წელი, არამედ შევიმუშავეთ ახალი ხედვა, მომავალი 20 წლისთვის ჩვენი ახალი ხედვა განვიხილეთ. ეს ხედვა უნდა გავხადოთ ნაწილად ჩვენი საერთო სტრატეგიისა, რომელიც ორგანიზაციას ახალ სიმაღლეზე აიყვანს და ჩვენ თანამშრომლობას გააღრმავებს", — განაცხადა ჯანელიძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
გალბურის განცხადებით, მომავალ წელს სუამის თავმჯდომარე ქვეყანა მოლდოვა გახდება.
„მნიშვნელოვანია, რომ სუამის განვითარებას ვაგრძელებთ. ძირითად პრინციპებს ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარება წარმოადგენს… მომავალ წელს სუამის თავმჯდომარე ქვეყანა მოლდოვა გახდება და ჩვენ მოხარული ვიქნებით გიმასპინძლოთ. ჩვენ დავსახეთ გეგმები, რომელთა განხორციელებას, დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს მოლდოვაში შევაჯამებთ", — განაცხადა გალბურმა.
წელს საქართველო სუამის თავმჯდომარე ქვეყანაა. დილიდან თბილისში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის გაიმართა როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი შეხვედრები. საიუბილეო სესიას ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სუამის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
დღის ბოლოს დელეგაციის წევრები მიიღებენ მონაწილეობას "თბილისობაში", როემლიც წელს 7 და 8 ოქტომბერს აღინიშნება.
სუამი — დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართული ორგანიზაციაა. დაფუძნდა 1997 წელს საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას მიერ. 1999 წლიდან 2005 წლამდე ორგანიზაციაში ასევე უზბეკეთი შედიოდა. იმ პერიოდში ორგანიზაციის სახელწოდება იყო სუუამი.
ბოლო შეხვედრა სუამის ფარგლებში 2017 წლის მარტში კიევში საქართველოს თავმჯდომარეობით გაიმართა.
წესდების მიხედვით, სუამის ძირითად მიზნებს წარმოადგენს სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველყოფა, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება, ევროინტეგრაციის გაღრმავება, ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაფართეობა, სოციალურ-ეკონომიკური, სტრანსპორტო, ენერგეტიკული, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული პოტენციალის განვითარება, ურთიერთინტერესთა სფეროებში თანამშრომლობის აქტივიზაცია.